იტირე – ანუ რა უნდა ქნა, როცა ყელში „ბურთი გეჩხირება“

რუბრიკა „ფასილიტატორის“ სტუმარია ფსიქოლოგიის მაგისტრი, ბავშვთა ფსიქოდიაგნოსტიკოსი, ფსიქოკონსულტანტი, პროექტ „მომავლის კონსტრუქტორის“ წამყვანი, სპეციალური მასწავლებელი სკოლაში ანა ჯუღელი.
Sputnik

ტირილი ემოციის გამოხატვის ერთ-ერთი ფორმაა. ჩვილი ბავშვი გარე სამყაროსთან ურთიერთობას ტირილით ამყარებს. ამ გზით ცდილობს საკუთარი ფიზიოლოგიური მოთხოვნილებების დაკმაყოფილებას. შემდეგ, როდესაც ბავშვი იზრდება და უკვე მეტყველებით შეუძლია მოთხოვნილებებისა და სურვილების დაფიქსირება, ტირილი სხვა ფუნქციას იძენს.

იტირე – ანუ რა უნდა ქნა, როცა ყელში „ბურთი გეჩხირება“

აღსანიშნავია, რომ ადამიანი სამი სახის ცრემლს გამოყოფს, ესენია:

ბაზალური (ძირითადი) – საცრემლე ჯირკვლები ამ სახის ცრემლს მუდმივად აწარმოებენ. ის უზრუნველყოფს თვალის ტენიანობის შენარჩუნებას.

რეფლექსური – გამღიზიანებლისგან გამოწვეული ცრემლი. მაგალითად, თვალში რაიმეს მოხვედრით, ქარით, კვამლით და ა.შ. გამოწვეული. ცრემლი ამ დროს თვალის დამცავის ფუნქციას იძენს.

ემოციური – ემოციის ტალღის მოწოლისას გამოყოფილი ცრემლი.

როდესაც ტირილზე ვსაუბრობთ, როგორც წესი, ემოციური ცრემლები იგულისხმება.

იდეალური ოჯახები არ არსებობს, ანუ რატომ დაინგრა ქორწინებები პანდემიის დროს

ტირილი ადამიანის ფიზიოლოგიური რეაქციია გარკვეულ ემოციურ სტიმულებზე, მაგალითად, ტკივილზე, იმედგაცრუებაზე, სიხარულზე და ა.შ.

ადამიანს ტირილის საშუალებით შეუძლია განიმუხტოს მოზღვავებული ემოციისგან. ტირილის დროს გამოიყოფა სტრესის ჰორმონი, რაც ხელს უწყობს სტრესისგან გათავისუფლებას.

ცრემლების მეშვეობით ადამიანს შეუძლია მიიღოს თანაგრძნობა. ამ შემთხვევაში ცრემლებს მეორადი სარგებელი აქვს.

ადამიანი ბავშვობიდანვე ირჩევს ქცევის გარკვეულ სტრატეგიებს, რომელთა საშუალებითაც ერგება გარემოს, სოციუმს, რომელთა საშუალებითაც იღებს სხვადასხვა ტიპის სარგებელს. ერთ-ერთი ასეთი სტრატეგია შეიძლება იყოს ტირილი.

თუ იტირებს, იცის, რომ აუცილებლად მიიღებს სასურველს (ბავშვობიდანვე განმტკიცებული აქვს ეს ქცვევა). მსგავსი ტიპის ქცევა შენარჩუნებული იქნება იქამდე, ვიდრე ის „მუშაობს“. თუ ამ ქცევით სასურველს ვეღარ მიიღებს, მოუწევს სხვა სტრატეგიის შემუშავება.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ხშირად ტირილი ბავშვობიდანვე იკრძალება. ტირილი მიაჩნიათ სისუსტედ, მხოლოდ გოგონებისთვის დამახასიათებელ ქცევადაც კი. ჩვენ ხშირად სტერეოტიპების მსხვერპლად ვიქცევით, ამის გამო ადამიანი ზრდასრულობაშიც არ აძლევს საკუთარ თავს ტირილის უფლებას.

„მსხვერპლი“ და „მოძალადე“ ბავშვები – როგორ დავიცვათ შვილები

უნდა გვახსოვდეს, რომ ტირილი ადამიანს როგორც ფსიქიკის, ასევე ფიზიოლოგიური განტვირთვისთვის სჭირდება. ალბათ გქონიათ შემთხვევა, როდესაც ტირილი გინდათ, შეგრძნება გაქვთ, რომ ყელში „ბურთი გაგეჩხირათ“ და ვერაფერს უხერხებთ. ტირილის შემდეგ კი ეს ბურთულა ქრება და თქვენც შედარებით მსუბუქად გრძნობთ თავს.

ტირილისას ადამიანს შეუძლია გააცნობიეროს საკუთარი გრძნობები და ემოციები, ისე რომ არ დათრგუნოს ისინი. გრძნობების იგნორირებამ შეიძლება ადამიანი მიიყვანოს გაუცნობიერებელ ნეგატიურ განცდებამდე, რომლებიც გარკვეული დროის შემდეგ ხშირად სომატურ ჩივილებად ვლინდება. 

ტირილი ხშირად სიტუაციის სხვაგვარად დანახვის საშუალებას გვაძლევს. ის არ შველის მძიმე სიტუაციებს, არ ცვლის არსებულ რეალობას, თუმცა იძლევა ემოციური განმუხტვის საშუალებას და შემდეგ თითქოს საჭირო ხედვა და რესურსიც კი უჩნდება ადამიანს კონკრეტულ სიტუაციაში მოქმედებისთვის.

იზოლაცია და განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვები: სპეციალისტი გვირჩევს

ასევე საინტერესოა ის ფაქტი, რომ ადამიანები თავად წყვეტენ სად იტირონ. იტირონ სხვების თანდასწრებით თუ იტირონ, როდესაც მარტო დარჩებიან.

„ნუ ტირი, ნუ აჩვენებ სხვებს, რომ სუსტი ხარ“, „დიდი ბიჭები არ ტირიან“, „შენ უკვე დიდი გოგო ხარ, ნუ ტირი“ – დარწმუნებული ვართ, ხშირად მოგისმენიათ მსგავსი ფრაზები, ან შეიძლება თავადაც გითქვამთ სხვებისთვის.

გვახსოვდეს, რომ ტირილი ბუნებრივი ადამიანური რეაქციაა მოზღვავებულ ემოციურ სტიმულებზე, რომელსაც ბევრი სასარგებლო ფუნქცია აქვს. შემდეგ ჯერზე, თუ ცრემლები მოგადგებათ, ნუ მოგერიდებათ, ნუ შეგრცხვებათ და მიეცით თავს ტირილის უფლება, ნახავთ, როგორ დაგამშვიდებთ ის – შეძლებთ ცხოვრებას პოზიტიური თვალით შეხედოთ.

თუმცა, აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ხშირი ტირილი შეიძლება დეპრესიული მდგომარეობის ნიშანი იყოს – თუ ტირით ძალიან ხშირად, მიზეზის გარეშე და ტირილი უკონტროლოა, აუცილებელია დროულად მიმართოთ სპეციალისტს.