თბილისის, 11 აგვისტო – Sputnik. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, შემოდგომაზე მოსალოდნელია კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების ზრდა.
მინისტრის ინფორმაციით, არის იმის მოლოდინი, რომ ვირუსის გავრცელების მეორე ტალღა იქნება.
„შემოდგომაზე ინფიცირებულთა რაოდენობის ზრდას ველოდებით. ეს მოლოდინი აქვს არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მსოფლიოს სხვა ქვეყნებსაც. მეორე ტალღის მოლოდინი არსებობს. მოქალაქეებს ყოველდღიურად მოვუწოდებთ, რომ დაიცვან ყველა საჭირო ღონისძიება. კოვიდთან ერთად თანაცხოვრების შესწავლა საკმაოდ ხანგრძლივი პერიოდით მოგვიწევს“, – განაცხადა ტიკარაძემ.
საქართველოში ბოლო დროს კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევებმა იმატა. თუ მანამდე ყოველდღიური მატება 2–5 ადამიანს შეადგენდა, ახლა ყოველ 24 საათში მათი რაოდენობა ორნიშნა ციფრებით გამოხატება.
მათ შორის დიდი ზრდა დაფიქსირდა გუშინ – 25 შემთხვევა. აქედან 17 მესტიის მუნიციპალიტეტს უკავშირდება. ამის გამო მთავრობამ რეგიონში მკაცრი საკარანტინო წესები აამოქმედა.
რა ხდება მესტიაში: ბოლო ცნობები>>
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობამ 1264-ს მიაღწია. ამ დროისათვის გამოჯანმრთელებულია 1054 ადამიანი, გარდაცვლილია – 17, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 7279, ხოლო სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 279 პაციენტია.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.