სვანეთში მყოფი 500-ზე მეტი მოქალაქე საკარანტინო ზონებში გადაიყვანეს

ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ მთავრობის საკოორდინაციო საბჭოს დავალებით მესტიის მუნიციპალიტეტში მდებარე 20 სასტუმრო უმოკლეს ვადებში საკარანტინო სივრცეებად მოაწყო
Sputnik

თბილისი, 11 აგვისტო – Sputnik. სვანეთში მყოფი 500-ზე მეტი მოქალაქე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებულ საკარანტინო ზონებში გადაიყვანეს.

მესტიაში საკარანტინო შეზღუდვების შემოღება მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც გუშინ კორონავირუსის 25 ახალი შემთხვევიდან 17 სვანეთში დაფიქსირდა. კერძოდ, საუბარია მესტიის მუნიციპალიტეტზე. ამ 17 ადამიანიდან შვიდი მესტიის მცხოვრებია.

შსს: მესტიაში ღამემ მშვიდად ჩაიარა და სიტუაცია კონტროლს სრულად ექვემდებარება

„კოვიდ 19“-ის შემთხვევების გამოვლენასთან დაკავშირებით, ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ მთავრობის საკოორდინაციო საბჭოს დავალებით მესტიის მუნიციპალიტეტში მდებარე 20 სასტუმრო საკარანტინო სივრცეებად მოაწყო.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, ამ დროისთვის საკარანტინო სივრცეში გადაყვანილია 518 მოქალაქე, აქედან 343 მესტიაში მდებარე სასტუმროებშია მოთავსებული, ხოლო 171 მოქალაქე – აჭარის რეგიონში მდებარე საკარანტინო სივრცეებში.

ადმინისტრაციამ ტრანსპორტის მობილიზება მოახდინა, რათა მოქალაქეები ორგანიზებულად გადაეყვანათ. მათი გადაყვანა პოლიციის ესკორტით უსაფრთხოების ნორმების მაქსიმალური დაცვით განხორციელდა.

მესტიაში სპეციალურად შექმნილი რეგიონული შტაბი მუშაობს. პრემიერ–მინისტრის მრჩეველი რეგიონულ საკითხებში სოზარ სუბარი უკვე სვანეთში იმყოფება. მისი განცხადებით, მოსახლეობას პროდუქტებითა და მედიკამენტებით მომარგების პრობლემა არ ექნება.

მესტიაში შეზღუდვები ამოქმედდა

მესტიის მუნიციპალიტეტში მოსახლეობის მასობრივი ტესტირების მიზნით სპეციალისტების ხუთი ჯგუფი მუშაობს. 

კარანტინი საკოორდინაციო შტაბის გადაწყვეტილებით, 28 დღე იმოქმედებს.

უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ გუშინ, 10 აგვისტოს მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე, მაღალი ეპიდემიური რისკის გამო შეიზღუდა შესვლა-გამოსვლა მესტიის მუნიციპალიტეტში. მუნიციპალიტეტში შესვლა შესაძლებელია მხოლოდ ადგილობრივი მოსახლეობისთვის, გამოსვლის შემთხვევაში კი მოქალაქეები ვალდებული არიან გაიარონ კარანტინი.