სიკვდილის ჟურნალისტიკა

გაბრიელ გარსია მარკესს აქვს ერთი არაჩვეულებრივი ნაწარმოები – „გამოცხადებული სიკვდილის ქრონიკა“, სადაც მოვლენები ისე ხატოვნადაა აღწერილი, მკვლელობის დროს დანაზე ადენილი სისხლის სუნის ოხშივარიც კი გცემს...
Sputnik

ვერ გეტყვით მარკესის გავლენაა თუ ზოგადად ე.წ. სისხლიანი ჟურნალისტიკის ხიბლი საზოგადოების ინტერესიდან მოდის, თუმცა ქართული მედია რომ ბოლო ხანებში ნეკროფილს დაემსგავსა, ფაქტია და თვით ყველაზე მეტად სიტყვის თავისუფლების მომხრე ლიბერალი არასამთავრობოების რისხვაც კი დაიმსახურეს.

თავად წარმოიდგინეთ, ამ რთულ რეალობაში საქართველოს არცთუ მრავალრიცხოვანი მოსახლეობა ყოველ საღამოს იზაფრება მორიგი გაუხსნელი მკვლელობით, ხოლო მედია სისხლის სუნს იკრავს თუ არა, სასწრაფოდ აჩაღებს ნადირობას მის ახლობლებზე, ოჯახის წევრებზე, ადვოკატებზე და ა.შ. პოლიტიკური შეფასებები ხომ საერთოდ წარმოუდგენელი ამბავია ამ ბაკქანალიაში.

ასე და ამგვარად მთელი საქართველო იცნობს და მსჯელობს, ვინ იყო გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის მეგობარი და შეყვარებული, ეს ბაჩანა უყვარდა, სხვა ბაჩანა თუ საერთოდ თავისი უფროსი; რა წერილი მისწერა დედას 12 წლის წინ; რა წამალი დალია და დადიოდა თუ არა ფსიქოლოგთან... არანაკლებ შეაწუხეს ცნობისმოყვარეებმა გარდაცვლილი ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის სული, თუმცა როგორც კი დედამ ამოიგმინა, შვილის გლოვა მაცალეთო, მედია ცოტათი დაცხრა და სხვა, არანაკლებ სენსაციურ თემებზე გადაერთო.

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე პროკურატურამ ხუთ პირს განზრახ მკვლელობის ბრალი წაუყენა

ნეკროფილიასთან შეზავებული ყვითელი ჟურნალისტიკა დანაშაული არაა, მაგრამ არც ეთიკურია. საქართველოში არსებობს „მაუწყებელთა ქცევის კოდექსი“, რომელიც 48-49 მუხლებში შეიცავს დანაშაულისა და კრიმინალის გაშუქების ეთიკის წესებს და თანაც კანონით სავალდებულო ძალა აქვს, თუმცა ბუნებრივია და გასაგებია, რომ კომუნიკაციების მარეგულირებელი ეროვნული კომისია ამ მუხლებით შენიშვნასაც კი ვერავის მისცემს – მყისვე პოლიტიკური ანგაჟირებულობა დაბრალდება. ამ მხრივ „თავისუფალ მედიას“ ისევე აძლევს ხელს დისკრედიტებული კომისია, როგორც „ოცნებას“ – „ნაციონალური მოძრაობა“.

აღსანიშნავი და გასაკვირია ის ფაქტი, რომ რამდენიმე საქმეზე პერსონალური მონაცემები არა მხოლოდ მედიამ, არამედ სამართალდამცველებმაც გაასაჯაროვეს. ამ საქმეს პერსონალური მონაცემების დაცვის ინსპექტორი შეისწავლის და ძალიან სასარგებლო იქნება, თუ პერსონალური მონაცემების დაუცველობისთვის მასზე პასუხისმგებელი პირები დაისჯებიან. ამით კარგი პრეცედენტი შეიქმნება, რათა ადამიანებმა გააცნობიერონ, რომ გარდაცვლილს ისევე გააჩნია პატივი, ღირსება და საკუთარი გრძნობების დამალვის უფლება, როგორც ცოცხალ ადამიანებს, უფრო სწორად, მათ ეს უფრო სჭირდებათ.

ამორალური და შეურაცხმყოფელია: კომპანია, სადაც ბაჩალიაშვილი მუშაობდა, განცხადებას ავრცელებს

მანამდე კი, სანამ ქართული ტელეეთერიდან ცოცხალ-მკვდარს თანაბარი დაუნდობლობით განიხილავენ. „ფეისბუქში“ სულ უფრო ხშირად წააწყდებით სტატუსებს, სადაც ადამიანები ახლობლებს უბარებენ, რომ თუ, ღმერთმა ნუ ქნას და, რაიმე დაემართათ, არც ერთ ტელეკომპანიაში არ მივიდნენ და არ მოყვნენ მათ შესახებ ათასი ტყუილ-მართალი. ყველა გახმაურებულ საქმეს ახლა კარგი, დაფიქრებული და ექსპერტიზაზე დამყარებული გამოძიება სჭირდება. ზოგადად, ხმაური და მძვინვარება კი აიძულებს ძალოვნებს, მეტი იმუშაონ და საქმეები გახსნან, ამას ვერ უარყოფ, თუმცა მიცვალებულთა სულებში ასეთი ხელების ფათურიც არ შეეფერება 21-ე საუკუნის ცივილიზებულ საზოგადოებას. და კიდევ - ჟურნალისტიკის არსი სწორედ სკანდალი და უცნაურობაა. ამის გამო მედიას ვერ გავაკრიტიკებთ. ცნობილია გამოთქმა, რომ ახალი ამბავი არაა, თუ ძაღლმა ადამიანს უკბინა, მაგრამ თუ ადამიანმა უკბინა ძაღლს, ამას ერთი-ორი თოქ-შოუ ნამდვილად მიეძღვნება. მთავარია, მედია საზოგადოების ინტერესების მოდარაჯე ძაღლის როლიდან არ შევიდეს დაუპატიჟებელი ჭირისუფლის როლში, რომელიც მიკროფონს თხრის პირში შვილის დაღუპვით აქვითინებულ და განადგურებულ დედას, მერე კი წერს, რომ ამ კადრებმა „ბი-ბი-სის“ რეიტინგიც კი მოხსნა. მოხსნიდა, აბა რა, ბრიტანეთის საზოგადოებრივ მაუწყებელზე ხომ ასეთი კადრების ნახვა წარმოუდგენელია. ისინი საკუთარ სახელმწიფოს და მოქალაქეებს პატივს სცემენ. ჩვენ კი, სისხლიან რეალობას შეჩვეულები, სულ უფრო მეტად გვიყალიბდება ასეთი ესთეტიკა. მერე გვიკვირს, რატომაა ახლა თაობა ასეთი სასტიკი და დაუნდობელი, რადგან ის, რაც ეკრანიდან მოდის, ადამიანთა სულებში ინაცვლებს. ასე რომ, ნუ მოვკლავთ ჯაფარას, ნუ მოვკლავთ შაქარას და სიკვდილის შემდეგ ნუ მოვკლავთ კიდევ ერთხელ ამ ულამაზეს თამარ გოგოს... დარჩეს რაღაც ლამაზი და იდუმალი მის გაუჩინარებაში, გამომძიებლებმა კი იტეხონ თავი სისხლიან ფოლიანტებზე და გახსნან დანაშაული – მოკლეს თუ თვითმკვლელობამდე მიიყვანეს ეს პეპელასავით ლამაზი და ფრთაფარფატა გოგო...

- და, ზოგადად, მგონი, მაქვს უფლება, ვინატრო, უფრო ნაკლები სიკვდილი და გარდაცვალება გაგვეგოს და უფრო მეტი - კარგი, ოპტიმისტური ახალი ამბები არა ჩრდილოეთ კორეის სტილში, არამედ რეალურად. რეალურად რომ ხდებოდეს, ისე...