თბილისი, 11 აგვისტო — Sputnik. საქართველო მოხვდა იმ 25 ქვეყნის სიაში, რომელთა მოქალაქეები ფინეთის ტერიტორიაზე სავალდებულო კარანტინის გარეშე შესვლას შეძლებენ, ამის შესახებ ფინეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის ვებგვერდზეა ნათქვამი.
როდის გაიხსნება საქართველოსა და რუსეთს შორის სახმელეთო საზღვარი? >>
ფინეთის მთავრობამ განაახლა ევროკავშირსა და შენგენის ზონაში შემავალი 17 უსაფრთხო ქვეყნის სია. მასში შევიდა ირლანდია, ისლანდია, იტალია, მალტა, საბერძნეთი, კვიპროსი, ლატვია, ლიეტუვა, ესტონეთი, ლიხტენშტეინი, ნორვეგია, გერმანია, სან მარინო, სლოვაკეთი, დანია, უნგრეთი და ვატიკანი.
ამ ევროპული ქვეყნების გარდა, ფინეთმა თავისი საზღვრები გახსნა შემდეგი რვა ქვეყნისთვის: საქართველო, სამხრეთ კორეა, იაპონია, რუანდა, ტაილანდი, ტუნისი, ურუგვაი და ახალი ზელანდია.
ფინეთში სხვა ქვეყნებიდან ჩასულ მოგზაურებს სავალდებულო კარანტინის გავლა მოუწევთ.
საქართველო ევროკავშირის არაწევრი იმ უსაფრთხო ქვეყნების სიაში დარჩა, რომლის მოქალაქეებს შენგენის ზონის ქვეყნებში მოგზაურობა შეუძლიათ. უსაფრთხო ქვეყნების სიაში, საქართველოს გარდა, ასევე შევიდნენ ავსტრალია, კანადა, იაპონია, ახალი ზელანდია, რუანდა, სამხრეთ კორეა, ტაილანდი, ტუნისი და ურუგვაი. ადრე სიაში 12 ქვეყანა შედიოდა, მაგრამ ამ კვირაში მას მაროკო და ალჟირი გამოაკლდა.
თავის მხრივ, საქართველომ საზღვრები გაუხსნა ხუთ ქვეყანას, რომელთა მოქალაქეებს ქვეყანაში შემოსვლა ყოველგვარი პირობების გარეშე შეუძლიათ. ესენია გერმანია, ლატვია, ლიეტუვა, საფრანგეთი და ესტონეთი.