შაქარაშვილის მკვლელობაში ბრალდებულების ადვოკატები დაცვის სტრატეგიაზე მუშაობენ

შაქარაშვილის დამამძიმებელ მდგომარეობაში ჯგუფურად განზრახ მკვლელობის ბრალი დღეს ხუთ ადამიანს წაუყენეს, ყველა მათგანი პატიმრობაშია
Sputnik

თბილისის, 11 აგვისტო – Sputnik. 19 წლის გიორგი შაქარაშვილის მკვლელობაში ბრალდებულების - ვასილ ჩიქოვანის, არჩილ გაგნიძის, ნიკოლოზ რევაზიშვილის და ორი არასრულწლოვანის ადვოკატები ელოდებიან კონკრეტულ მტკიცებულებებს, რომლებიც მათი დაცვის ქვეშ მყოფთა ბრალს დაადასტურებს.

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე პროკურატურამ ხუთ პირს განზრახ მკვლელობის ბრალი წაუყენა

სამშაბათს გენერალურმა პროკურატურამ შაქარაშვილის საქმეში გარღვევის შესახებ განაცხადა და ხუთ ფიგურანტს ბრალი წაუყენა. გამოძიების ვერსიით, ბრალდებულებმა შაქარაშვილი მდინარე არაგვის პირას მოიმწყვდიეს, სასტიკად სცემეს და ჯერ კიდევ ცოცხალი მდინარეში გადააგდეს. 19 წლის ბიჭის ცხედარი იქ ოთხდღიანი ძებნის შემდეგ იპოვეს.

„საქმე გამოიყო, მაგრამ არც მაშინ, არც ახლა არ ველოდებით, რომ საქმეში არსებობს ისეთი სამხილები, რომლებიც ბრალდებას გაამყარებს“, - განაცხადა ვასილ ჩიქოვანის ადვოკატმა არჩილ ბერიანიძემ.

მისი თქმით, ის გაეცნობა მასალებს და მათზე დაყრდნობით დაცვის ხაზს ააგებს.

„ჩემთვის პროკურატურის პოზიცია დაუსაბუთებულია“, - განუცხადა ბერიანიძემ ჟურნალისტებს.

მტკიცებულებების არარსებობის გამო გამამართლებელ განაჩენს ელოდება ასევე არჩილ გაგნიძის ადვოკატი ვასილ მამულაშვილიც.

„დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს სასამართლო გაამართლებს“, - განუცხადა მან ჟურნალისტებს.

შაქარაშვილის გარდაცვალება: სასამართლოში  საქმის არსებითი განხილვა 18 აგვისტოს დაიწყება

ამასთან ადვოკატმა აღნიშნა, რომ დანაშაულს სასამართლოში დამტკიცება სჭირდება, პროკურატურამ კი მხოლოდ შაქარაშვილის ოჯახის და საზოგადოების ვერსია გაიმეორა.

„ადამიანი ბოროტმოქმედი მხოლოდ სასამართლოს განაჩენის შემდეგ ხდება“, - განაცხადა მამულაშვილმა.

მას არასრულწლოვანის ადვოკატი გიორგი გელხაურიც ეთანხმება.

„ბრალის დამძიმების მოლოდინი ჩვენ არ გვქონდა, არანაირი მტკიცებულებები არ არსებობდა იმის, რომ ბრალი დამძიმებულიყო. იმედია, რომ წარმოადგენენ კონკრეტულ მტკიცებულებებს“, - განუცხადა ჟურნალისტებს გელხაურმა.

იმ ხუთი პირის გარდა, რომელთა მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა გიორგი შაქარაშვილის დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის ბრალდებით დაიწყო, ჯგუფური ძალადობის, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების და ამავე ძალადობაში მონაწილეობის, ასევე, ჯგუფურად თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტებზე დაკავებულია 12 პირი, რომელთაც აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული აქვთ პატიმრობა. მათ მიმართ წარდგენილი ბრალდება სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთას ოთხიდან ათ წლამდე ითვალისწინებს, აღნიშნავენ პროკურატურაში.

სასამართლო პროცესი შაქარაშვილის საქმეზე: ექვსივე არასრულწლოვანი პატიმრობაში დარჩა >>

სასამართლო სხდომის თარიღი ჯერჯერობით უცნობია. თუმცა 18 აგვისტოს დაიწყება მოსმენები ჩხუბის ეპიზოდებზე ყველა არასრულწლოვანის მონაწილეობით.