მესტიაში შეზღუდვები ამოქმედდა

საქართველოს მთავრობამ სვანეთში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით გარკვეული შეზღუდვები შემოიღო.
Sputnik

თბილისი, 10 აგვისტო – Sputnik. მესტიაში გადაადგილება ნაწილობრივ შეიზღუდება, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ახმეტაში „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის წარდგენის შემდეგ.

დღეს კორონავირუსის 25 ახალი შემთხვევიდან 17 სამეგრელო-ზემო სვანეთში დაფიქსირდა. კერძოდ, საუბარია მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ლენჯერზე. აქ ყურადსაღებია ერთი ოჯახი, რომელსაც სტუმრები ჰყავდა. ამ 17 ადამიანიდან შვიდი მესტიის მცხოვრებია.

კორონავირუსის ახალი კერა სვანეთში: რა მოხდა სოფელ ლენჯერში

„სამწუხაროდ, გვიწევს მესტიის მუნიციპალიტეტში გარკვეული სპეციალური ღონისძიებების მიღება. გადაადგილების გარკვეული შეზღუდვები იქნება. იქ უკვე გაგზავნილია დამატებითი სამედიცინო ბრიგადები იმისთვის, რომ აქტიურად დაიწყოს ტესტირების რეჟიმი. გვესმის, რომ მესტიაში ბევრი ტურისტია, ყველას მივხედავთ, არავინ დარჩება ყურადღების გარეშე. არაფერია საპანიკო, ჩვენ ვმართავთ ამ პროცესს. არ არსებობს რისკები, რომ რაიმე ემოციების საფუძველი იყოს. წყნარად, მშვიდად, მესტიაში იქნება სპეციალური ღონისძიებები, გადაადგილების ნაწილობრივი შეზღუდვაც იქნება“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

უწყებათშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ შეზღუდვები წესდება მესტიაში, უშგულსა და ლენჯერში.

კერძოდ, შეზღუდვები გულისხმობს საზოგადოებრივი ჯანდაცვის კანონის ფარგლებში მოქმედ რეგულაციებს, მათ შორის – საკარანტინო შეზღუდვებს. 

  • უშგულსა და ლენჯერში იზღუდება გადაადგილება როგორც მესტიის მუნიციპალიტეტის მიმართულებით, ისე მესტიის მუნიციპალიტეტიდანაც.
  • ასევე წესდება შეზღუდვები გადაადგილებაზე დაბა მესტიასა და მესტიის მუნიციპალიტეტის სოფლებს შორის.
  • დაბა მესტიაში, უშგულსა და ლენჯერში იფუნქციონირებს მხოლოდ აფთიაქები, საბანკო დაწესებულებები, სასურსათო მაღაზიები და ღია ტიპის საკვები დაწესებულებები.
  • თავშეყრის ადგილებზე მკაცრად გაკონტროლდება დისტანციის დაცვა, დახურულ სივრცეებში ნიღბების გამოყენება და ხელის ჰიგიენა.
  • მესტიის მუნიციპალიტეტში ჩატარდება ინტენსიური ეპიდემიოლოგიური კვლევები და ტესტირება, შესვლა-გასვლას კი პოლიცია გააკონტროლებს.
  • გარდა ამისა, შესაბამისი უწყებები ტურისტების საკარანტინო ზონებში განთავსებას უზრუნველყოფენ. ყველა მოქალაქე, რომელიც დატოვებს მესტიის მუნიციპალიტეტს, გაივლის სავალდებულო კარანტინს.
მესტიაში შეზღუდვები ამოქმედდა

უფრო ადრე ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა, რომ რეგულაციები მხოლოდ სვანეთში ამოქმედდება.

„ამ მომენტისთვის რეგულაციები ამოქმედდება სვანეთში, დანარჩენი რიცხვები არ გვაძლევს იმის საფუძველს, რომ ქვეყნის მასშტაბით გარკვეული გამკაცრებები გვქონდეს. კვლავ გვექნება მიზნობრივი ტესტირება, ბევრად უფრო გაფართოებული და მივყვებით იმ სტრატეგიულ გეგმას, რომელიც დღემდე გვქონდა დასახული“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

კორონავირუსის ახალი შემთხვევები და ინფიცირების წყაროები

მინისტრის თქმით, გადაუდებელი დახმარების სამსახური და ეპიდემიური სამსახური მობილიზებულია სრულად, ადგილზე იმყოფება ხუთი ბრიგადა, რომლებიც დეტალურ კვლევებს აწარმოებენ.

ბოლო ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობაა 1250. ამასთან, ბოლო 24 საათში კლინიკებიდან გაეწერა 10 ადამიანი. სულ პანდემიის დაწყებიდან დღემდე გამოჯანმრთელდა 1010 ადამიანი, გარდაიცვალა – 17.

კარანტინში მოთავსებულია 6 930 ადამიანი, ხოლო ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ 263 პაციენტია.

უცხოეთიდან სამკურნალოდ საქართველოში გადმოყვანილია ქვეყნის 41 მოქალაქე, მათ შორის 38 – სამხედრო მოსამსახურე ავღანეთიდან.

კორონავირუსის პირველი შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს დაფიქსირდა.