მესტიაში ჩარჩენილ ტურისტებს კარანტინში გადაიყვანენ

მესტიის მუნიციპალიტეტის სოფლებში საკარანტინო შეზღუდვები, რომლებიც სოფლებს შორის გადაადგილების აკრძალვასაც მოიცავს, 28 დღის განმავლობაში იმოქმედებს
Sputnik

თბილისი, 10 აგვისტო – Sputnik. მესტიის მუნიციპალიტეტში ჩარჩენილ ტურისტებს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია საკარანტინო სივრცეში გადაიყვანს, განაცხადა სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის მოადგილემ, ნინო ვიბლიანმა.

გასულ დღე-ღამეში საქართველოში კორონავირუსის 25 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, აქედან 17 მესტიის მუნიციპალიტეტზე მოდის. ვირუსის გავრცელების მაქსიმალურად აღკვეთის მიზნით ხელისუფლებამ საკარანტინო შეზღუდვების დაწესება გადაწყვიტა.

„შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე ეპიდემიოლოგთა რამდენიმე ჯგუფი მუშაობს. ხდება იდენტიფიცირება და ბიოლოგიური მასალის, ნიმუშის აღება. ამ ეტაპისთვის 300-ზე მეტი ბიოლოგიური ნიმუშია აღებული. ხვალიდან კვლავ განახლდება სამუშაოები. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები საზოგადოებრივ წესრიგს და უსაფრთხოებას უზრუნველყოფენ“, - განაცხადა ნინო ვიბლიანმა.
სვანეთში დაკარგული მოზარდის ძებნა კარანტინის გამო არ შეჩერდება

ნინო ვიბლიანის თქმით, მუნიციპალიტეტში სასურსათო მარაგების დეფიციტი არ შეიქმნება.

„ჯერჯერობით საკვებთან დაკავშირებით პრობლემა არ არის. თუმცა, თუ დადგება საშიშროება და საჭიროება, ყველა უზრუნველყოფილი იქნება პროდუქტით. მარაგები შემოტანილი იქნება მუნიციპალიტეტში“, - განაცხადა ნინო ვიბლიანმა.

რეგიონულ საკითხებში პრემიერ-მინისტრის მრჩევლის, სოზარ სუბარის თქმით, რეგიონებში ზომების გამკაცრება პერიოდულად ხდება, რათა მკაცრი ზომების მიღება მთელს ქვეყანაში არ გახდეს საჭირო.

„დარწმუნებული ვართ, რომ მესტიის მოსახლეობა გამოგვყვება და სრულად ითანამშრომლებს ხელისუფლებასთან, ჯანდაცვის სპეციალისტებთან, რომ მალე დავამარცხოთ მცირე ლოკალური აფეთქება“, - განაცხადა სუბარმა.
სვანეთის სოფლებში კარანტინი 28 დღე გაგრძელდება

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე, მაღალი ეპიდემიოლოგიური რისკის გამო იზღუდება შესვლა-გამოსვლა მესტიის მუნიციპალიტეტში: დაბა მესტიის, ბეჩოს, ეცერის, იდლიანის, იფარის, კალას, ლატალის, ლახამულის, ლენჯერის, მულახის, ნაკრას, უშგულის, ფარის, ცხუმარის, წვირმის, ჭუბერისა და ხაიშის ადმინისტრაციულ ერთეულებში. იზღუდება გადაადგილება როგორც მესტიის მუნიციპალიტეტის მიმართულებით, ასევე მესტიის მუნიციპალიტეტიდან.  მუნიციპალიტეტში შესვლა შესაძლებელი იქნება მხოლოდ ადგილობრივი მოსახლეობისთვის, გამოსვლის შემთხვევაში კი - მოქალაქეები ვალდებული იქნებიან, გაიარონ კარანტინი. უშგულსა და ლენჯერში საკარანტინო შზღუდვები დაწესდა, რაც აღნიშნულ დასახლებებსა და მესტიის მუნიციპალიტეტის სხვა სოფლებს შორის გადაადგილების შეზღუდვას გულისხმობს.

მესტიის მუნიციპალიტეტის სოფლებში საკარანტინო შეზღუდვები 28 დღის განმავლობაში იმოქმედებს.