დასახელდა ქართული კლუბების მეტოქე გუნდები უეფას ევროპის ლიგაში

კენჭისყრის შედეგად ბათუმის „დინამო“ და „საბურთალო“ გასვლით მატჩებს გამართავენ, „ლოკომოტივი“ კი სახლში ითამაშებს.
Sputnik

თბილისი, 10 აგვისტო – Sputnik. სამივე ქართულმა გუნდმა 2020/2021 სეზონის უეფას ევროპის ლიგის პირველ საკვალიფიკაციო რაუნდში მეტოქეების ვინაობა შეიტყო – კენჭისყრა უეფას შტაბ-ბინაში, შვეიცარიის ქალაქ ნიონში გაიმართა.

საქართველოს თასის მფლობელი თბილისის „საბურთალო“ კვიპროსის „აპოლონს“ შეხვდება, საქართველოს ვიცე-ჩემპიონი ბათუმის „დინამო“ დაუპირისპირდება „აპოელს“ ბეერ-შოვიდან (ისრაელი), თბილისის „ლოკომოტივი“ კი საკვალიფიკაციო მატჩს რუმინეთის „უნივერსიტატიასთან“ გამართავს.

ცნობილია თბილისის „დინამოს“ მეტოქე უეფას ჩემპიონთა ლიგაში

შემჭიდროებული რეგლამენტის გამო ყოველი წყვილის გამარჯვებული თითო შეხვედრის შედეგად გამოვლინდება. ევროლიგის ყველა პირველი საკვალიფიკაციო მატჩი 27 აგვისტოს ჩატარდება.

აღსანიშნავია, რომ კენჭისყრის შედეგების მიხედვით, ბათუმის „დინამო“ და „საბურთალო“ გასვლით მატჩებს ითამაშებენ, „ლოკომოტივი“ კი მეტოქეს სახლში უმასპინძლებს.

COVID-19-ის პანდემიასთან დაკავშირებული უეფას რეკომენდაციების გათვალისწინებით, ყველა მატჩი მაყურებლის გარეშე გაიმართება.