საქართველოს მთავრობა: თურქეთში გადასვლაზე თანხმობა 101 პირს მიეცა

თურქეთთან საზღვრის გადაკვეთის უფლება ექნებათ მხოლოდ იმ მოქალაქეებს, რომლებსაც სამთვიანი ოფიციალური მიწვევა ექნებათ თურქი დამსაქმებლისგან.
Sputnik

თბილისი, 9 აგვისტო — Sputnik. საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, თურქეთის რესპუბლიკაში გადასვლაზე დადებითი პასუხი 101 პირს მიეცა. რამდენიმე მათგანმა უკვე გადაკვეთა საქართველო-თურქეთის საზღვარი, იუწყება აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. 

თურქეთში სამუშაოს მსურველთა საყურადღებოდ: დარეგისტრირდით და გაემგზავრეთ

საქართველოს მოქალაქეები თურქეთში სამუშაოდ წასვლას იმ შემთხვევაში შეძლებენ, თუ მათ ექნებათ დამსაქმებლის მიერ გაცემული ოფიციალური სამთვიანი მიწვევა, აღნიშნული გადაწყვეტილება საქართველოს მთავრობასთან შექმნილ უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე მიიღეს.

თურქეთში გამგზავრების მსურველებმა რეგისტრაციის პროცედურა საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე, ასევე აჭარის დასაქმების სააგენტოს დახმარებით abroadworkers.moh.gov.ge-ზე უნდა გაიარონ.

განაცხადს ის მოქალაქეები ავსებენ, რომლებმაც თურქეთის რესპუბლიკაში რეგისტრირებული ფიზიკური ან იურიდიული პირისგან მოწვევა უკვე მიიღეს და ნოტარიულად ქართულ ენაზე დაამოწმეს.

„პროცედურა მარტივია, პირადი ნომრისა და მობილურის ნომრის შეყვანის შემდეგ განმცხადებელი ღებულობს აქტივაციის კოდს, რომლის შემდეგაც საშუალება ეძლევა ატვირთოს თურქეთის რესპუბლიკიდან მიღებული მოწვევა. განმცხადებელს პასუხი უმოკლეს ვადაში, არაუგვაინეს შვიდ დღეში ეცნობება“, – ნათქვამია აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

პროცესს კოორდინაციას უწევს აჭარის მთავრობა, სპეციალური სამუშაო ჯგუფი, ადგილობრივი თვითმმართველობების პირველი პირები და დასაქმების სააგენტო, რომლებიც იზრუნებენ რეგისტრაციის პროცესსა და შემდგომ მონიტორინგზე. 

როგორც აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, ნინო ნიჟარაძემ სარფის საბაჟოზე განაცხადა, საქართველოს შესაბამისი უწყებები ყველაფერს აკეთებენ, რომ უმოკლეს ვადებში დასრულდეს ნებართვის გაცემასთან დაკავშირებული ყველა პროცედურა და იმ პირებმა, რომლებმაც უკვე მიიღეს მოწვევა თურქეთში მცხოვრები ფიზიკური ან იურიდიული პირის მხრიდან, მალე გადაკვეთონ საქართველო-თურქეთის საზღვარი და დანიშნულების ადგილზე მივიდნენ.

კორონავირუსის პანდემიის გამო საქართველომ 20 მარტიდან, გამონაკლისი შემთხვევების გარდა, უცხოელებისთვის საზღვრები ჩაკეტა და ყველა მიმართულებით ავიამიმოსვლა შეაჩერა.

პანდემიის პერიოდში სრულდება მხოლოდ ჩარტერული რეისები საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში ეტაპობრივად დაბრუნების მიზნით.

ოთხთვიანი წყვეტის შემდეგ საქართველომ საჰაერო სივრცე გახსნა ხუთი ქვეყნისთვის, რომელთა მოქალაქეებს ქვეყანაში შემოსვლა უპირობოდ შეუძლიათ. ეს ქვეყნებია: გერმანია, საფრანგეთი, ლატვია, ლიეტუვა და ესტონეთი. განსაკუთრებული შემთხვევების გარდა, სახმელეთო საზღვრები დღემდე ჩაკეტილია.