წინანდალში კლასიკური მუსიკის ფესტივალი მაინც გაიმართება

პანდემიის გამო ორგანიზატორებმა ფესტივალი 2021 წლისთვის გადადეს. ახლა კი, ეპიდემიური ვითარებიდან გამომდინარე, ფესტივალი მაინც გაიმართება
Sputnik

თბილისი, 9 აგვისტო - Sputnik. კლასიკური მუსიკის ერთ–ერთი ყველაზე მასშტაბური ფესტივალი Tsinandali Festival 17–20 სექტემბერს გაიმართება, იუწყებიან ორგანიზატორები.

უფრო ადრე ორგანიზატორებმა კორონავირუსის პანდემიის გამო ფესტივალი 2021 წლისთვის გადადეს, თუმცა ახლა, ეპიდემიური ვითარების გათვალისწინებით, ღონისძიება გაიმართება.

ოთხი დღის განმავლობაში ფესტივალზე მსმენელის წინაშე წარდგებიან არგენტინელი პიანისტი მარტა არგერიხი, მაესტრო ნიკოლოზ რაჭველი, ქართული სიმფონიური ორკესტრი, მევიოლინე ლიზა ბათიაშვილი და სხვა მუსიკოსები.

წინანდლის ფესტივალი სახელმწიფო და კერძო სექტორის – ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა და კომპანია Silk Road Group-ის ერთობლივი ინიციატივაა. მემორანდუმი მათი თანამშრომლობის შესახებ 2017 წლის იანვარში გაფორმდა.

ფესტივალი „ღამის სერენადები“ განსაკუთრებულ ფორმატში გაიმართება

Tsinandali Festival-ის დამფუძნებლები გახდნენ შვეიცარიის ვერბიეში (Verbier) ფესტივალის დამფუძნებელი მარტინ ენგსტრემი, მისი თანამოაზრე, ისრაელის ფილარმონიის ორკესტრის გენერალური დირექტორი ავი შოშანი და ქართველი ბიზნესმენი და ფილანტროპი გიორგი რამიშვილი.

ფესტივალის გენერალური დირექტორია ცნობილი რეჟისორი დავით საყვარელიძე, სამხატვრო ხელმძღვანელი – ჯანანდრეა ნოზედა.

ფესტივალის ჩასატარებლად წინანდალში 900 სტუმარზე გათვლილი მუსიკალური დარბაზი, 60-ნომრიანი სასტუმრო, ღია ამფითეატრი, ბიბლიოთეკა, საკონფერენციო დარბაზები და მულტიფუნქციური სივრცეები აშენდა. პროექტის ფარგლებში ასევე შეიქმნა საერთაშორისო მუსიკალური აკადემია, რომელთანაც ჩამოყალიბდა ახალგაზრდული ორკესტრი 60 მუსიკოსის შემადგენლობით.