ხორცი რთული ქსოვილოვანი კომპლექსია, რომლის შემადგენლობაში შედის კუნთოვანი, შემაერთებელი, ცხიმოვანი, ძვლოვანი და ნერვული ქსოვილები, აგრეთვე ხრტილები, მყესები, იოგები, სისხლი და ლიმფური კვანძები.
სწორედ ქსოვილების აგებულება, მათი ურთიერთშეფარდება და ქიმიური შემადგენლობა განსაზღვრავს ხორცის, როგორც ადამიანის კვებისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პროდუქტის ფერს, სუნს, გემოს, არომატსა და სხვა თვისებებს, ასევე მის ბიოლოგიურ და კვებით ღირებულებას.
ჯანსაღი ხორცის შერჩევის წესებს momxmarebeli.ge გვთავაზობს.
ხორცის შერჩევის წესები იმის მიხედვით განსხვავდება, თუ როგორი ხორცის შეძენას გეგმავთ – ახალდაკლულს (ე.წ. ორთქლოვანს), გაციებულს თუ გაყინულს.
ვიდრე უშუალოდ წესებზე გადავიდოდეთ, უნდა იცოდეთ, რომ საქონლის ხორცით ადამიანზე უამრავი დაავადება გადადის, მათ შორის ტუბერკულოზი, ბრუცელოზი, ციმბირის წყლული, ჯილეხი, თურქული და ხორცის სისხლსა და ქსოვილში არსებული პარაზიტები. ამიტომ, უპირველეს ყოვლისა, შეიძინეთ ისეთი ხორცი, რომელმაც ვეტერინარული შემოწმება გაიარა.
ნუ გარისკავთ საკუთარი ჯანმრთელობის ხარჯზე!
და, კიდევ, არავითარ შემთხვევაში არ იყიდოთ საკუთარი სიკვდილით დაღუპული საქონლის ხორცი, რადგან, გარდა იმისა, რომ დიდია დაავადების რისკი, ხორცი არაა სისხლისგან დაცლილი და ძალიან მალე ფუჭდება.
როგორ ამოვიცნოთ საკუთარი სიკდილით დაღუპული საქონლის ხორცი:
- აქვს ჩალურჯებული ადგილები;
- ხორცზე რაიმე საგნის დაჭერისას წარმოქმნილი ორმო სისხლით ივსება – ეს უტყუარი ნიშანია იმისა, რომ პირუტყვი დაკვლის დროს სისხლისგან არ დაიცალა.
როგორ შევარჩიოთ გაუყინავი ხორცი
გაუყინავი ხორცი შეიძლება იყოს ახალდაკლული, ან მომწიფებული. ახალდაკლული ხორცი რბილი, ნაზი და წვნიანია. დაკვლიდან 4 საათში ის უხეშდება. შედეთ ის მაცივარში (არა საყინულეში!), 1-2 დღეში ის მომწიფდება და დარბილდება. მაღაზიებშიც სწორედ მომწიფებული ხორცი იყიდება.
გაუყინავი ხორცი საღია, თუ ყველა ეს თვისება გააჩნია:
- ხორცის ზედაპირი მშრალია, ანუ ქაღალდის ხელსახოცი ხორცზე დადებით არ სველდება;
- ხორცი დრეკადი და ელასტიურია;
- თითის დაჭერით ხორცზე უნდა წარმოიქმნას ღრმული, რომელიც მალევე უნდა გასწორდეს;
- ხორცს აქვს ხორცის ამ სახეობისათვის დამახასიათებელი სუნი;
- ხორცის ახალი განაჭერი ზედაპირი სველია, მაგრამ არა წებოვანი;
- ფერი განაჭერზე უნდა იყოს: საქონლის ხორცზე – ღია წითელი ფერიდან მუქ წითლამდე, ხბოს ხორცზე – ბაცი ვარდისფერი, ღორის ხორცზე – ღია ვარდისფერიდან წითლამდე, ცხვრის ხორცზე – წითლიდან შინდისფრამდე;
- ცხიმი არ უნდა იყოს ყვითელი. საქონლის ქონს აქვს თეთრი, ჩალისფერი ან მოყვითალო შეფერილობა. ღორის ქონი რბილია, მისი შეფერილობა შეიძლება იყოს ღია ვარდისფერი ან თეთრი. ცხვრის ქონი კი თეთრი და მკვრივია;
- მყესები უნდა იყოს ელასტიური და მკვრივი, სახსრების ზედაპირი – თეთრი და მბზინვარე.
პირველ რიგში იცოდეთ, რომ გაყინვა ხორცის ხარისხს მნიშვნელოვნად აუარესებს.
სამწუხაროდ, არის შემთხვევები, როცა ბაზარზე გაყინულ და შემდეგ გამლღვალ ხორცს ახალ ხორცად ასაღებენ. იმისთვის, რომ არ მოტყუვდეთ, დაიმახსოვრეთ:
- ახალი ხორცისგან განსხვავებით, განაყინი ხორცი სველია. თუ დააკვირდებით, ხორცის ქვეშ მოვარდისფრო სითხის პატარა გუბურასაც აღმოაჩენთ – გამლღვალ ხორცს სითხე სულ გასდის;
- განაყინი ხორცი ელასტიური არ არის. მასზე თითის დაჭერით წარმოქმნილი ორმო დიდხანს არ ივსება;
გაუყინავი ხორცი გაფუჭებულია, თუ შეიმჩნევა ჩამოთვლილიდან რომელიმე:
- აქვს წებოვანი ზედაპირი;
- ხორცის ნაჭერზე ხელის დაჭერისას წარმოქმნილი ორმო არ ივსება;
- კუნთოვანი ქსოვილი ადვილად სცილდება ძვალს;
- ხორცი ძალიან მუქი ფერისაა და ქონს მოყვითალო ელფერი დაკრავს;
- აქვს არასასიამოვნო სუნი (სამწუხაროდ, გამყიდველები ახერხებენ ამ სუნის მოსპობას ქიმიური დამუშავებით).
გაყინული ხორცის შერჩევა
თუ გაყინული ხორცის შეძენას აპირებთ, შეიძინეთ იგი სწორედ გაყინულ და არა გამდნარ მდგომარეობაში, რადგან განაყინი და გამლღვალი ხორცი ძალიან მალე ფუჭდება.
რამდენჯერმე გამლღვალი და ხელახლა გაყინული ხორცის ამოსაცნობად ასეთ ხერხს გთავაზობთ:
დაადეთ თითი გადანაჭერზე ნახევარი ან ერთი წუთით, თუ ხორცი ფერს არ შეიცვლის ე.ი. ის რამდენჯერმე იყო გამლღვალი და გაყინული. ერთხელ გაყინული ხორცი ამგვარი შეთბობითაც კი ფერს იცვლის, წარმოიქმნება მკვეთრი წითელი შეფერილობა.
თუ ხორცი ან შესაფუთი მასალა ვარდისფერი ყინულის კრისტალებით არის დაფარული, ეს ხორცი რამდენჯერმე იყო გამლღვალი და გაყინული.
კიდევ ერთხელ გაითვალისწინეთ: მიუხედავად იმისა, რომ ხორცი ძალიან სასარგებლოა, მისმა არასწორმა არჩევამ შეიძლება უფრო დიდი ზიანი მიაყენოს ადამიანის ჯანმრთელობას, ვიდრე ნებისმიერმა სხვა პროდუქტმა.