თბილისი, 7 აგვისტო — Sputnik. ვირჯინია ბიჩში მცხოვრებმა კაცმა ლატარიის 25 ერთნაირი ბილეთი შეიძინა, რომელთაგან თითოეული მომგებიანი აღმოჩნდა, იუწყება WTKR News 3.
გავრცელებული ინფორმაციით, რეიმონდ ჰარინგტონმა ლატარია Pick 4–ის 25 ბილეთში 25 დოლარი გადაიხადა, ანუ თითოში თითო დოლარი. ისინი ერთნაირები იმიტომ იყო, რომ ყოველი მათგანი ერთი და იგივე კომბინაციას შეიცავდა: 4-6-4-0.
„რაღაც ხმა მკარნახობდა, რომ 25–ჯერ უნდა მეთამაშა“, — იხსენებს ბედნიერი ბილეთების მფლობელი.
შედეგად, აღნიშნულმა კომბინაციამ ჰარინგტონს გამარჯვება მოუტანა: მან 25 ჯეკპოტი მოხსნა და მოგებულმა თანხამ 125 ათასი დოალრი შეადგინა.
რეიმონდ ჰარინგტონის თქმით, ზუსტად იცის, რაშიც დახარჯავს ფულს — თანხა მისი ორი ვაჟის კოლეჯში სწავლის გადასახადს მოხმარდება.