გადაუდებელი ფინანსური დახმარება გერმანიისგან: საქართველო 180 მლნ ევროს მიიღებს

ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნული დაფინანსება  პანდემიით გამოწვეული შედეგების აღმოფხვრას მოხმარდება
Sputnik

თბილისი, 7 აგვისტო - Sputnik. გერმანიის ფედერაციული  რესპუბლიკა საქართველოს 180 მლნ ევროს ოდენობით მხარდაჭერას უცხადებს, ნათქვამია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

უწყებია ცნობით, გერმანიამ  საქართველოსთვის გადაუდებელი ფინანსური დახმარების აღმოსაჩენად ახალი პროგრამა „საქართველოს ეკონომიკის კონკურენტუნარიანობისა და კრიზისის მიმართ მდგრადობის გაძლიერება“ შეიმუშავა.

ხელშეკრულებას ხელი  ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა და რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის (KfW) რეგიონული ოფისის დირექტორმა სამხრეთ კავკასიაში კლაუს ვეიგელმა მოაწერეს.

„აღნიშნული დაფინანსება წარმოადგენს საბიუჯეტო მხარდაჭერას, რომელიც მიიმართება სახელმწიფო ბიუჯეტში და მოხმარდება პანდემიით გამოწვეული შედეგების აღმოფხვრას“ -აღნიშულია განცხადებაში.

უწყების ცნობით kFW-სთან ხელმოწერილი ხელშეკრულება ნაწილია იმ ფინანსური მხარდაჭერისა, რომელიც საქართველოს მთავრობამ პარტნიორი საერთაშორისო დონორი ორგანიზაციებისგან COVID-19-ის პანდემიასთან ბრძოლისა და ქვეყნის ეკონომიკის შემდგომი რეაბილიტაციისთვის მოიზიდა.

რა დახმარებით ისარგებლა ქართულმა ბიზნესმა: ეკონომიკის მინისტრის ანგარიში>>

დღეს ხელი მოეწერა  კიდევ ერთ შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც გერმანიის მხარდაჭერით, საქართველოს ოთხ მუნიციპალიტეტში: ბაღდათში, ვანში, სამტრედიასა და ყაზბეგში ახალი კომუნალური ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაციისთვის 130 მლნ ევრო დაიხარჯება.