თბილისი, 6 აგვისტო ― Sputnik. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მოხსენება „რუსული პროპაგანდის“ შესახებ მოწოდებულია იმისკენ, რომ „ჩაახშოს“ მოსკოვის წინადადება აშშ-თან თანამშრომლობის აღდგენის თაობაზე, იუწყება РИА Новости ვაშინგტონში რუსეთის საელჩოზე დაყრდნობით.
მანამდე სახელმწიფო დეპარტამენტთან არსებულმა გლობალური ურთიერთქმედების ცენტრმა გამოაქვეყნა მოხსენება „რუსეთის დეზინფორმაციის დედაბოძებზე“, რომელშიც „რუსული პროპაგანდის“ კონცეფციაა სისტემატიზებული. ამ განსაზღვრების ადრესატები აღმოჩნდა რამდენიმე რუსული მედიასაშუალება. დეზინფორმაციის მაგალითებად მოხსენებაში მოყვანილია РИА Новости-ს, RT-ს, Первый канал-ის, Sputnik-ის, Россия 24-ისა და სხვა გამოცემების სათაურები.
დიპლომატიურ მისიაში რუსულ და უცხოურ მედიასაშუალებებს, რომლებიც „აშშ-ის კრიტიკას ბედავენ“, ურჩიეს, მხედველობაში იქონიონ, რომ ისინი „დიდი ალბათობით გახდებიან საგულდაგულო შესწავლის ობიექტები“, ხოლო მათი რესურსები ამერიკულ სოციალურ ქსელებში შეიძლება დაიბლოკოს კიდეც მიზეზების ყოველგვარი განმარტების გარეშე.
საელჩოში განაცხადეს, რომ სახელმწიფო დეპარტამენტს „უკიდურესად არ მოსწონს ინფორმაციის ალტერნატიული წყაროების არსებობა და მათი დისკრედიტაციისთვის სერიოზული რესურსებია ამოქმედებული“.
„ნებისმიერი ხმა, რომელიც ეწინააღმდეგება ვაშინგტონს, რუსული სპეცსამსახურებისა და კრემლის სამსახურში მყოფ დეზინფორმაციად ცხადდება“, — წერენ დიპლომატები „ფეისბუქზე“.
საელჩოში ის აბსურდული მტკიცებულებები დაასახელეს, რომლებიც მოხსენებაშია მოყვანილი. მაგალითად, ოფიციალურ სამთავრობო კომუნიკაციებში აშშ-ის საგარეო უწყება მოიაზრებს რუსეთის ლიბერალ-დემოკრატიული პარტიის ლიდერს ვლადიმირ ჟირინოვსკის და კერძო რადიოსადგურს Говорит Москва.
„თუ ეს მთელი იმ კონსტრუქციის მწვერვალია, რომელსაც ამერიკელი კოლეგები ესოდენ საგულდაგულოდ აგებდნენ, მაშინ ის უფრო მეტად კარტებით აგებულ სახლს ჰგავს“, — განაცხადეს საელჩოში.
აღსანიშნავია, რომ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა 2021 წლისთვის 138 მლნ დოლარი მოითხოვა „რუსეთის მხრიდან დეზინფორმაციასა და პროპაგანდასთან ბრძოლისთვის“.
მანამდე კრემლმაც და რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომაც არაერთხელ უარყვეს დეზინფორმაციაში ბრალდება.
აშშ-ში არსებობს უცხოეთში სამაუწყებლო სახელმწიფო სააგენტო — „ამერიკის ხმისა“ და „თავისუფლების/თავისუფალი ევროპის“ დედასტრუქტურა, რომლებიც რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ, სხვა მედიასაშუალებებთან ერთად, უცხოურ აგენტთა სიაში შეიყვანა. ორგანიზაციას, რომელიც 1994 წლიდან „მაუწყებლობის საკითხებზე მმართველთა საბჭოდ“ (BBG) იწოდებოდა, სახელი 2018 წელს გადაერქვა და ეწოდა „გლობალური მედიასაშუალებების აშშ-ის სააგენტო (USAGM). ის მთლიანად აშშ-ის ბიუჯეტიდან ფინანსდება. 2017 წელს სააგენტოს ხარჯებმა 748 მლნ დოლარი შეადგინა.