როდის შეხვდება პრემიერი ბაჩალიაშვილის ოჯახს: პრემიერმა დრო დაასახელა

თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახი პრემიერ-მინისტრთან შეხვედრას მოითხოვს, რათა მიიღოს პასუხი დაგროვილ კითხვებზე და პირადად მთავრობის მეთაურისგან მოისმინოს, რომ საქმეს გამოიძიებენ.
Sputnik

თბილისი, 6 აგვისტო — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია მზად არის გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის წევრებს შეხვდეს, თუმცა, გამოძიების დასრულების შემდეგ, განაცხადა გახარიამ მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე. 

სუიციდის შესახებ ინფორმაციას ეძებდა: ახალი დეტალები ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმეში

23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი ხუთი დღის ძებნის შემდეგ თეთრიწყაროს რაიონში, საკუთარ ავტომობილში გარდაცვლილი იპოვეს. ის სახლიდან 18 ივლისს გავიდა და უკან აღარ დაბრუნებულა. ოჯახი გოგონას დაღუპვას მის საქმიანობას უკავშირებს (ის პროგრამისტი იყო) და წინასწარი ვერსიის – თვითმკვლელობის არ სჯერა. 

გოგონას მშობლები გამოძიებაში აშშ-ის ძიების ფედერალური ბიუროს (FBI) ჩართვას და პრემიერ-მინისტრთან შეხვედრას მოითხოვენ, რათა მიიღონ პასუხი დაგროვილ კითხვებზე და პირადად მთავრობის მეთაურისგან მოისმინონ, რომ საქმეს გამოიძიებენ.

„მე, მშობლებთან ერთად, ყოველდღე ველოდები გამოძიების შედეგებს. რა თქმა უნდა, მას შემდეგ, რაც გამოძიება დასრულდება, ოჯახთან შეხვედრის არანაირი პრობლემა არ მაქვს“, – განაცხადა გახარიამ.

მან გარდაცვლილი გოგონას ოჯახის წევრებს სამძიმარი გამოუცხადა და აღნიშნა, რომ მსგავსი ფაქტები ქვეყნისთვის ტრაგედიაა.