ახალი შეღავათები მოსახლეობისთვის: მთავრობა კიდევ ოთხი თვის კომუნალურ გადასახადს დაფარავს

საქართველოს ხელისუფლება ფიზიკურ პირებს ნოემბერში, დეკემბერში, იანვარსა და თებერვალში კომუნალური მომსახურების გადასახადებს დაუფარავს.
Sputnik

თბილისი, 6 აგვისტო — Sputnik. საქართველოს ხელისუფლება ოთხი თვის ელექტროენერგიისა და ბუნებრივი აირის კომუნალურ გადასახადებს დაფარავს, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ხუთშაბათს გამართულ მთავრობის სხდომაზე. 

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, კორონავირუსის პანდემიის გამო ბევრ ადამიანს ფინანსური ზარალი მიადგა, ამიტომაც ხელისუფლებამ რთულ პერიოდში მოსახლეობის მხარდაჭერის გადაწყვეტილება მიიღო.

„საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, კომუნალურ მომსახურებაზე შეღავათები გაგრძელდეს ოთხი თვის განმავლობაში – ნოემბერი, დეკემბერი, იანვარი და თებერვალი. სუბსიდირება მოხდება იმავე პრინციპით – 200 კილოვატ/საათი ელექტროენერგია და 200 კუბური მეტრი გაზის მოხმარება მთავრობის მიერ იქნება კომპენსირებული. რა თქმა უნდა, შეძლებულ მოქალაქეებს ექნებათ შესაძლებლობა, ასეთ დახმარებაზე თქვან უარი“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

იმ აბონენტების რაოდენობა, ვინც ყოველთვიურად 200 კილოვატზე ნაკლებ ელექტროენერგიას მოიხმარს, 1,2 მილიონს შეადგენს და სახელმწიფო დაახლოებით 17 მლნ ლარს გამოყოფს ამ მოქალაქეებისთვის კომუნალური გადასახადების დასაფარად.

ასევე საქართველოში 670 ათასი აბონენტია, რომელიც თვეში 200 კუბურ მეტრამდე ბუნებრივ აირს მოიხმარს – სახელმწიფო ამ გადასახადების დასაფარად 27 მლნ ლარს გამოყოფს.