მსოფლიო დღეს

გერმანულმა ნაგაზმა დედა და ერთი წლის ბავშვი გადაარჩინა

გერმანულმა ნაგაზმა მაქსმა, რომელმაც სულ ცოტა ხნის წინ დაასრულა წვრთნა, პირველსავე დავალებაზე დედა და ერთი წლის ბავშვი გადაარჩინა.
Sputnik

თბილისი, 6 აგვისტო ― Sputnik. პოლიციის ძაღლმა სახელად მაქსმა სამსახურში გასვლის პირველსავე დღეებში დედა და პატარა ბავშვი გადაარჩინა, იუწყება BBC.

​გავრცელებული ინფორმაციით, მიმდინარე წლის თებერვალში ბრიტანეთში მცხოვრები ოჯახი ორი დღის განმავლობაში ვერ უკავშირდებოდა ერთი წლის ბავშვთან ერთად ავტომობილით სასეირნოდ გასულ ქალს — მობილური ტელეფონი გამორთული იყო.

საბოლოოდ ოჯახმა პოლიციას მიმართა დახმარებისთვის, რომლებმაც საქმეში პოლიციის კინოლოგები და ძაღლები ჩართეს. მათ შორის იყვნენ პიტერ ლოიდი და მისი ოთხფეხა მეწყვილე — გერმანული ნაგაზი მაქსი, რომლისთვისაც ეს პირველი სერიოზული დავალება იყო — სწავლება და წვრთნა მან სულ ცოტა ხნის წინ დაასრულა.

ირკვევა, რომ კვალი პირველმა სწორედ მაქსმა აიღო და პოლიციელები მთის ფერდობთან მიიყვანა, სადაც მათ ფრიალო კლდეზე თოვლის ნამქერსა და ქვის ლოდებში გაჭედილი ავტომობილი შენიშნეს.   

სამართალდამცველებმა მაშინვე გამოიძახეს დამატებითი ძალები — ვერტმფრენი და სამაშველო ძალები. რამდენიმესაათიანი ოპერაციის შემდეგ მაშველებმა ავტომობილიდან ცოცხლები ამოიყვანეს სიცივისგან გათოშილი და შიმშილით გულშეღონებული დედა–შვილი.