მსოფლიო დღეს

შესაწვავად გამზადებული ხორცი „გაცოცხლდა“: თვითმხილველის ვიდეომ იუზერები შეაშინა

სოციალური ქსელით გავრცელდა ვიდეო, რომელმაც სერიოზულად შეაშინა როგორც მისი ავტორი, ისე „ტვიტერის“ მილიონობით მომხმარებელი.
Sputnik

თბილისი, 6 აგვისტო ― Sputnik. ვიდეორგოლი, რომელზეც ჩანს, როგორ „ცოცხლდება“ საჭრელ დაფაზე დადებული ხორცის ნაჭერი, პოპულარობას იკრებს სოციალურ ქსელებში.

აღნიშნული კადრები Twitter-ზე გამოაქვეყნა მომხმარებელმა Yo! Artist.

​ვიდეოს თან ახლავს ავტორის განმარტება, რომ დედამისს ხორცის მომზადება უნდოდა, მაგრამ ნაჭერმა მოულოდნელად პულსირება დაიწყო და ისე შეაშინა ქალი, რომ საერთოდ გადაიფიქრა კერძის გაკეთება.

ვიდეომ ბევრი იუზერი სერიოზულად დააფრთხო, თუმცა რამდენიმემ მაინც მოუძებნა გონივრული ახსნა მომხდარს.

„მთელი საქმე ნერვულ დაბოლოებებშია, რომლებიც გარკვეული ხნის განმავლობაში აგრძელებს ფუნქციონირებას ახალ უმ ხორცში“, — წერენ ისინი.

ამ დროისათვის ვიდეოს მილიონამდე ნახვა და 14 ათასზე მეტი გაზიარება აქვს.