სახელმწიფოს დახმარებით: ქართველი მეზღვაურები სამშობლოში დაბრუნდნენ

გავრცელებული ინფორმაციით, დაიშვა გამონაკლისი და კომპანია „ელ-ვიქტორ ქრუ მენეჯმენტის“ გემის ეკიპაჟი ისევ მთლიანად ქართველი მეზღვაურებით შეიცვალა.
Sputnik

თბილისი, 5 აგვისტო — Sputnik. ქართული ეკიპაჟი შრი-ლანკიდან სამშობლოში დაბრუნდა, იუწყება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო.

მეზღვაურები საქართველოში სახელმწიფოს დახმარებით, ავიაკომპანია Myway Airlines-ის სპეციალური ავიარეისით ჩამოვიდნენ.

სააგენტოს ხელმძღვანელობის ინფორმაციით, თავად სააგენტოს, საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ინდოეთში საქართველოს ელჩის არჩილ ძულიაშვილის დახმარებით მოხერხდა დაშვებულიყო გამონაკლისი და კომპანია „ელ-ვიქტორ ქრუ მენეჯმენტის“ გემის ეკიპაჟი ისევ მთლიანად ქართველი მეზღვაურებით შეიცვალა.

„მიუხედავად იმისა, რომ ინდოეთს დაშვებული აქვს მეზღვაურთა შეცვლა თავის ტერიტორიაზე, საკარანტინო სივრცეების გადატვირთვისა და ფრენების გადადების გამო ეკიპაჟის წევრების როტაცია რამდენიმე თვის განმავლობაში ვერ ხერხდებოდა. სახელმწიფო სტრუქტურების ჩართულობის შემდეგ შესაძლებელი გახდა ჩვენი 34 მეზღვაურის შეცვლა“, — განაცხადა საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელმა თამარ იოსელიანმა.

მისი თქმით, განსაკუთრებით დიდი მნიშვნელობა აქვს იმ ფაქტს, რომ პანდემიის ფონზეც კი გახდა შესაძლებელი, შექმნილიყო მოთხოვნა ქართველ მეზღვაურებზე „და დღეს ისინი ისეთ პოზიციებზე საქმდებიან, სადაც ადრე სხვა ეროვნების მათი კოლეგა მეზღვაურები საქმდებოდნენ“.

აღსანიშნავია, რომ პანდემიის დაწყებიდან დღემდე საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო, საგარეო საქმეთა სამინისტროსთან ერთად, საქართველოს მოქალაქე 4000-მდე მეზღვაურს დაეხმარა.