რას ითხოვენ კომერციული ბანკები, ანუ დაირღვა თუ არა პირობა?

კომერციული ბანკები საშეღავათო პერიოდის დასრულების შემდეგ თანხის გადახდას ერთიანად ითხოვენ. რატომ? როგორია ეროვნული ბანკის პოზიცია, რას ამბობენ ექსპერტ-ანალიტიკოსები, ირღვევა თუ არა მომხმარებლის უფლებები?
Sputnik

სამსონ ხონელი

სხვაგვარად არის!.. არადა, აშკარად სხვაგვარად უნდა ყოფილიყო, თუმცა ეს პირველი შემთხვევა როდია, როცა ისე არ არის, როგორი მოლოდინიც გვქონდა. რას გულისხმობ? - ჩამეძიება მკითხველი და, რა გაეწყობა, განვმარტავ:

შეგახსენებთ, COVID-19-ის პანდემიის გამო ქვეყანაში ჯერ კიდევ გაზაფხულზე ეკონომიკურ საქმიანობაზე შეზღუდვები დაწესდა. მალევე საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. შედეგად – მოქალაქეების ერთი ნაწილი შემოსავლების გარეშე დარჩა, კიდევ ერთ ნაწილს შემოსავლები მნიშვნელოვნად შეუმცირდა. ერთი სიტყვით, მოსახლეობის ფინანსური მდგომარეობა საგრძნობლად გაუარესდა.

ხვალ რომ არჩევნების დღე იყოს?!..ანუ ვის მისცემდი ნეტავ?!

ხელისუფლებამ კრიზისის მართვის საგანგებო გეგმა შეიმუშავა, რომელიც სხვა საკითხებთან ერთად კომერციული ბანკების დებიტორი მოქალაქეების საკრედიტო ტვირთის დროებით გადავადებას ითვალისწინებდა. საბანკო სექტორისა და მთავრობის გადაწყვეტილებით, უკლებლივ ყველა კომერციულმა ბანკმა მსესხებლებს სამთვიანი საშეღავათო პერიოდი დაუწესა. საგანგებო მდგომარეობის ჯერ გახანგრძლივების და შემდეგ დასრულების პარალელურად ეკონომიკის მთელი დატვირთვით ამუშავება ვერ მოხერხდა და, შესაბამისად, საბანკო სექტორის დებიტორთა დიდი ნაწილი კვლავ ფინანსური პრობლემების წინაშე აღმოჩნდა. ამიტომაც კომერციულმა ბანკებმა ზაფხულის დასაწყისში საშეღავათო პერიოდი კიდევ ერთხელ გაახანგრძლივეს. ეს დროც უკვე იწურება და, როგორც მსესხებლების ერთი ნაწილი სოციალურ ქსელში წერს, გადახდის ინდივიდუალური რეჟიმის შემუშავების ნაცვლად, ბანკების ნაწილმა დარიცხული პროცენტის ერთიანად გადახდა მოითხოვა.

საბანკო ასოციაციაში აცხადებენ, რომ მსგავსი პრობლემით უწყებას ამ დრომდე არავინ დაკავშირებია. კომერციულ ბანკებს კი, მათი საქმიანობის ფარგლებში, უფლება აქვთ საკუთარი ინტერესისამებრ მოსთხოვონ მომხმარებელს გადახდა, თუ თავიდანვე გააცნეს დეტალური ინფორმაცია პირობებზე.

რა იცვლება შრომის კანონმდებლობაში, ანუ დეპუტატების ხედვა გარჯაზე

საბანკო ასოციაციის ხელმძღვანელი ალექსანდრე ძნელაძე: „ჩვენ კომერციული ბანკებისგან, კანონის თანახმად, ვერ მივიღებთ კონკრეტულ ინფორმაციას მსესხებლებზე, მათ კი არ მოუმართავთ ინდივიდუალური საჩივრით ან თხოვნით. ვიცი, რომ გარკვეულ შემთხვევებში იყო ტექნიკური ხარვეზი პროგრამულ უზრუნველყოფასთან მიმართებით. საერთოდ კი, კომერციული ბანკის დისკრეციაა – როგორ და რა ფორმით მოითხოვს სესხის დაბრუნებას, მაგრამ ეს უნდა იყოს კლიენტისთვის წინასწარ მიწოდებული ინფორმაცია, როგორ და რა ფორმით გადაუვადდათ კრედიტი“.

კომერციული ბანკები ამ საკითხზე კომენტარს არ აკეთებენ, ეროვნულ ბანკის განმარტებით კი, სესხის პირობებისა და ვალდებულებების განსაზღვრა, მათ შორის შეღავათებიც, მხოლოდ და მხოლოდ საკრედიტო ხელშეკრულების მხარეთა შეთანხმების საკითხია.

საქართველოს ეროვნული ბანკი მოკლებულია შესაძლებლობას, რომელიმე ფინანსურ ორგანიზაციას მოსთხოვოს სესხებზე/კრედიტებზე საშეღავათო პერიოდის გავრცელება ან კონკრეტული შეღავათიანი პირობების დაწესება. ამდენად, სესხზე საშეღავათო პერიოდის გავრცელებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას იღებს და შეღავათიან პირობებს ადგენს უშუალოდ კრედიტორი – საფინანსო ორგანიზაცია.

უფრო იაფად, ვიდრე გუშინ, ანუ შეიძინე ბინა და გადმოდი დღესვე!

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2016 წლის 23 დეკემბრის №151/04 ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით: „ფინანსურმა ორგანიზაციამ უნდა უზრუნველყოს მომხმარებლისათვის საფინანსო პროდუქტის პირობების შესახებ უტყუარი, გასაგები და გადაწყვეტილების მიღებისათვის აუცილებელი, წინასწარ ცნობილი და მის ხელთ არსებული სრული ინფორმაციის დროულად მიწოდება. მათ შორის, პროდუქტის ნებისმიერი არხით შეთავაზებისას ხელშეკრულების გაფორმებამდე, რომელიც მომხმარებელს არ უბიძგებს ისეთი გადაწყვეტილების მიღებისაკენ, რომელსაც იგი არ მიიღებდა უტყუარი და სრული ინფორმაციის ფლობის პირობებში. ამასთან, აუცილებელია, სესხის გამცემმა ორგანიზაციებმა, მათ შორის - კომერციულმა ბანკებმა, დაიცვან „ფიზიკური პირის დაკრედიტების შესახებ დებულების“ ძირითადი პრინციპები". ასეთია ეროვნული ბანკის პოზიცია.

ამასობაში კომერციულ ბანკებს მწვავე ბრალდებას უყენებს ანალიტიკოსთა ერთი ნაწილი, რომელიც პირდაპირ აცხადებს, რომ საბანკო სექტორი არ ასრულებს სახელმწიფოსთან დადებულ შეთანხმებას და მომხმარებელს ატყუებს.

როგორია COVID-19-ის გავლენა ეკონომიკაზე? ანუ რეალობა და პერსპექტივა

ანალიტიკოსი ვახტანგ ჭარაია: „სამწუხაროდ, პროცენტის გადავადების ნაწილში ბანკები მომხმარებლებს ატყუებენ. ეს ხდება მასობრივად, როგორც დედაქალაქში, ასევე რეგიონებში. სახელმწიფოსა და საბანკო სექტორს შორის მიღწეული შეთანხმების თანახმად, კომერციულ ბანკებს კლიენტებისთვის საშეღავათო პერიოდი უნდა დაეწესებინათ, რაც სამთვიან მორატორიუმს გულისხმობდა. საბოლოოდ, მოსახლეობისთვის უმძიმეს პერიოდში კომერციული ბანკები მხოლოდ პროცენტის გადავადებას დათანხმდნენ. დაიდო პირობა, რომ სამი თვის დარიცხული პროცენტი სესხის დარჩენილ პერიოდზე გადანაწილდებოდა და თითოეული დებიტორი უმტკივნეულოდ გადაიხდიდა ამ პროცენტს. დღეს რა ხდება? პირობა დაირღვა! ბანკები კლიენტებს ეუბნებიან – სრულად გადაიხადონ ამ სამი თვის განმავლობაში დაგროვილი პროცენტი. ხშირ შემთხვევაში ეს არცთუ ისე მცირე თანხაა. ამას ჰქვია კლიენტების მოტყუება, რაზეც მარეგულირებელი უწყება – ეროვნული ბანკი უნდა რეაგირებდეს".

ანალიტიკოსის პოზიციას იზიარებს საბანკო სფეროს ექსპერტი გიორგი ცუცქირიძე, რომელიც აცხადებს, რომ საშეღავათო პერიოდზე დარიცხული პროცენტის ერთიანად გადახდის მოთხოვნა მომხმარებლის უფლებების დარღვევაა, რაზეც პასუხისმგებლობა პირველ რიგში ეროვნულ ბანკს ეკისრება.

რომელ ვალუტაში ავიღოთ სესხი? დეპოზიტი − ლარში, დოლარში თუ ევროში?

„მსურს განვმარტო, რომ საშეღავათო პერიოდში, მით უმეტეს კრიზისისას, მსგავსი გადაწყვეტილება არა თუ XXI საუკუნეში, არამედ გასულ საუკუნეებშიც კი უპრეცედენტოა თავისი უტიფრობით, ფინანსური თაღლითობით და არაჰუმანურობით! და თუ ეს ასე არ არის, დებატებში ვიწვევ, ნებისმიერ ეთერში, ყველა იმ ბანკის დირექტორს, ვინც მსგავსი გადაწყვეტილება მიიღო! საქართველოში ამ მართლა მახინჯი და ოლიგოპოლიური საბანკო სისტემის დიქტატი უნდა დამთავრდეს! მიუხედავად იმისა, რომ ანტიკრიზისული მენეჯმენტის პრიორიტეტებისას საქართველოს მთავრობამ ფაქტიურად ყველა პირობა შეუქმნა საბანკო სექტორს, რომ ლიკვიდობის პრობლემები არ ჰქონოდა, შეეხიდა სხვადასხვა სახელმწიფო პროგრამების თანადაფინანსების ნაწილში, მათ შორის იპოთეკური დაკრედიტების მხარდასაჭერად, აღარაფერს ვიტყვი საპენსიო სააგენტოს თანხების საბანკო დეპოზიტებზე განთავსებაზე, არსებული ოლიგოპოლია, რომელიც წარმოგენილია სამი უმსხვილესი, სისტემფორმირებადი ბანკის სახით, გადადის ღია საბოტაჟის რეჟიმზე! არ გამოვა წინასაარჩევნოდ თქვენთვის სასურველი სცენარის განხორციელება ხელისუფლების რეიტინგის მიზნობრივად დასაწევად. ყველა სხვა დანარჩენი არგუმენტი ამ მართლა უპასუხისმგებლო და დესოციალური გადაწყვეტილების გასამართლებლად არის განწირული. მივმართავ ეროვნული ბანკის პრეზიდენტს, ბატონ კობა გვენეტაძეს – ან განმარტოს ამ გადაწყვეტილების სამართლიანობა, ან პირდაპირ გადადგეს დაკავებული თანამდებობიდან. პასუხისმგებლობა პირველ რიგში ეროვნულ ბანკს აკისრია! არა ხალხის გაღატაკებას და არა საბოტაჟს!" – წერს გიორგი ცუცქირიძე სოციალურ ქსელში.

საინტერესოა, რა შედეგი მოჰყვება ექსპერტ-ანალიტიკოსთა ხმამაღალ განცხადებებს, გაითვალისწინებს თუ არა საბანკო სექტორი გამოთქმულ შენიშვნებს და როგორი იქნება კობა გვენეტაძის უწყების პოზიცია? საკამათო არ არის, რომ წინასაარჩევნოდ კომერციული ბანკების მხრიდან პირობების გაუარესება მმართველი პარტიისთვის დივიდენდების მომტანი არ იქნება...