ამირან გამყრელიძე: სექტემბერში სწავლის დაწყებას საშიშროება არ ემუქრება

საქართველოში სწავლა 15 სექტემბრიდან ჩვეულ რეჟიმში დაიწყება, თუმცა მოსწავლეები და სტუდენტები საკლასო ოთახებსა და აუდიტორიებს სპეციალურად შემუშავებული წესების შესაბამისად დაიკავებენ.
Sputnik

თბილისი, 5 აგვისტო — Sputnik. სასწავლო დაწესებულებებში მოსწავლეები და სტუდენტები სპეციალურად შემუშავებული სტანდარტების მიხედვით განთავსდებიან, განაცხადა საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ ბრიფინგზე.

განათლების მინისტრმა სწავლის განახლების თარიღი დაასახელა

დღეს საქართველოს განათლების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა განაცხადა, რომ ქვეყანაში სწავლა 15 სექტემბრიდან დაიწყება. მისი თქმით, სასწავლო წელი დაიწყება ჩვეულ რეჟიმში, მაგრამ მზადყოფნაა ყველანაირი სცენარისთვის და საგანმანათლებლო სისტემა იმ დროს აქტუალურ ეპიდემიურ სიტუაციას მოერგება.

გამყრელიძის განცხადებით, სწავლა მობილობას გაზრდის და, რა თქმა უნდა, ჩვეულებრივ სტილში ვერ გაგრძელდება. მაგალითად, თუ აქამდე ერთ ოთახში იჯდა 20 ადამიანი, ახლა ასე ვეღარ იქნება.

„იქნება შესაბამისი სტანდარტი, როგორ უნდა დასხდნენ ბავშვები სკოლებში, სტუდენტები – აუდიტორიებში. ასევე გვექნება პროტოკოლი, როგორი უნდა იყოს ეპიდსაწინააღმდეგო ღონისძიებები – ხელების ხშირი დამუშავება, პირბადის გამოყენება. მუშავდება ეს სტანდარტები და, დარწმუნებული ვარ, დამყოლობა კარგი იქნება და შევძლებთ, ეპიდსიტუაცია არ გაუარესდეს, თუმცა რისკი დიდია“, – განაცხადა გამყრელიძემ.

გამყრელიძის განცხადებით, დღევანდელი ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, სწავლის დაწყებას არავითარი საშიშროება არ ემუქრება.

კორონავირუსის ახალი შემთხვევები – წყაროს დადგენა ზოგიერთ შემთხვევაში ვერ ხერხდება

ბოლო მონაცემებით, ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 15-ით გაიზარდა და 1197-ს მიაღწია, ამ დროისათვის გამოჯანმრთელებულია 974 ადამიანი, გარდაცვლილია – 17, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 7076, ხოლო სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 294 პაციენტია.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა. კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით საქართველოში 21 მარტს საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა, რომელიც 23 მაისს გაუქმდა.