მსოფლიო დღეს

ბეირუთში ზარალი დათვალეს: ქვეყანას მილიარდობით დოლარის ზიანი მიადგა – ფოტო

ბოლო მონაცემებით, ბეირუთში დაშავებულთა რაოდენობა 4 ათასზე მეტია, ხოლო დაღუპულთა რაოდენობამ 100 კაცს გადააჭარბა.
Sputnik

თბილისი, 5 აგვისტო - Sputnik. ბეირუთის გუბერნატორმა მარვან აბუდმა პორტში მომხდარი აფეთქების შედეგად მიყენებული ზარალი 3-დან 5 მილიარდამდე აშშ დოლარად შეაფასა.

„ზარალის ზომა სამიდან ხუთ მილიარდ დოლარამდე აღწევს და, შესაძლოა, უფრო მეტიც იყოს. ბეირუთის ასობით მცხოვრები უსახლკაროდ დარჩა“, — ციტირებს გუბერნატორის სიტყვებს ლიბანის საინფორმაციო პორტალი LBCI News.

სამშაბათს, საღამოს ბეირუთის საპორტო ნაწილში ძლიერი აფეთქება მოხდა. როგორც ხელისუფლების წარმომადგენლები ამბობენ, აფეთქების მიზეზი 2.750 ტონა ამონიუმის ნიტრატის არასათანადო შენახვა იყო.

უბედური შემთხვევის შედეგად დაზიანდა ქალაქის შენობების ნახევარი, ხოლო საავადმყოფოები დაშავებულებით გადაივსო.

ბოლო მონაცემებით, აფეთქების შედეგად დაიღუპა 100-ზე მეტი ადამიანი, ხოლო დაახლოებით 4 ათასი დაშავდა. ამ დროისათვის ბევრი ადამიანი კვლავ უგზო-უკვლოდ დაკარგულად მიიჩნევა. გრძელდება ნანგრევებში მათი ძებნა.

ლიბანის მთავრობამ, ქვეყანაში სამდღიანი გლოვის პარალელურად, ბეირუთი კატასტროფის ზონად გამოაცხადა და ქალაქში ორი კვირის განმავლობაში საგანგებო მდგომარეობა დააწესა.