თურქეთში სამუშაოს მსურველთა საყურადღებოდ: დარეგისტრირდით და გაემგზავრეთ

თურქეთთან საზღვრის გადაკვეთის უფლება ექნებათ მხოლოდ იმ მოქალაქეებს, რომლებსაც სამთვიანი ოფიციალური მიწვევა ექნებათ თურქი დამსაქმებლისგან.
Sputnik

თბილისი, 4 აგვისტო — Sputnik. თურქეთში სამი თვით სამუშაოდ წასვლის მსურველ საქართველოს მოქალაქეებს სპეციალური ანკეტის შევსება შეუძლიათ 4 აგვისტოდან, განაცხადა აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა ნინო ნიჟარაძემ. 

საქართველოს მოქალაქეები თურქეთში სამუშაოდ წასვლას შეძლებენ

პროცესს კოორდინაციას გაუწევენ აჭარის მთავრობა, სპეციალური სამუშაო ჯგუფი, ადგილობრივი თვითმმართველობების პირველი პირები და დასაქმების სააგენტო, რომლებიც იზრუნებენ რეგისტრაციის პროცესსა და შემდგომ მონიტორინგზე. 

„საქართველოს მოქალაქეს, რომელსაც სურვილი აქვს წავიდეს თურქეთში სამუშაოდ, შეუძლია ფიზიკური პირის ან თურქეთში რეგისტრირებული იურიდიული პირისგან წარმოადგინოს ნათარგმნი და ნოტარიულად დამოწმებული მიწვევა სამთვიანი დასაქმების შესახებ. შემდეგ კი უნდა შეავსოს აპლიკაცია ელექტრონულად და ატვირთოს ეს დოკუმენტები“, – განაცხადა აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა.

კორონავირუსის პანდემიის გამო საქართველომ 20 მარტიდან, გამონაკლისი შემთხვევების გარდა, უცხოელებისთვის საზღვრები ჩაკეტა და ყველა მიმართულებით ავიამიმოსვლა შეაჩერა.

პანდემიის პერიოდში სრულდება მხოლოდ ჩარტერული რეისები საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში ეტაპობრივად დაბრუნების მიზნით.

ოთხთვიანი წყვეტის შემდეგ საქართველომ საჰაერო სივრცე გახსნა ხუთი ქვეყნისთვის, რომელთა მოქალაქეებს ქვეყანაში შემოსვლა უპირობოდ შეუძლიათ. ეს ქვეყნებია: გერმანია, საფრანგეთი, ლატვია, ლიეტუვა და ესტონეთი. განსაკუთრებული შემთხვევების გარდა, სახმელეთო საზღვრები დღემდე ჩაკეტილია.