როგორ შევაყვაროთ ბავშვს კითხვა: მარტივი რეკომენდაციები ფსიქოლოგებისგან

ფსიქოლოგები მშობლებს რამდენიმე მარტივ რეკომენდაციას აძლევენ იმისთვის, რომ ბავშვს წიგნის კითხვა შეუყვარდეს.
Sputnik

თუ უკმაყოფილო ხართ იმით, რომ თქვენი შვილის ცოტას, ან საერთოდ არ კითხულობს, საჭირო არ არის დააძალოთ ან რაღაც სახის „საჯარიმო სანქციები“ დაუწესოთ.

ფსიქოლოგები ამბობენ, რომ ამით თქვენ კიდევ უფრო დააშორებთ ბავშვსა და წიგნს ერთმანეთს.

იმისთვის, რომ მოზარდი კითხვას მიაჩვიოთ და ლიტერსტურის მიმართ ინტერესი გაუღვივოთ, სულ სხვა ტიპის ნაბიჯების გადადგმაა საჭირო. ქვემოთ სპეციალსტების რამდენიმე რჩევას შემოგთავაზებთ.

ნევროლოგი: კატეგორიულად არ შეიძლება ზაფხულში ბავშვებისთვის დავალებების მიცემა

ხერხი 1: შეიძინეთ კარგად ილუსტრირებული გამოცემები

ბავშვებს ძლიერი წარმოსახვა აქვთ და ამ წარმოსახვას მუდმივად სჭირდება საზრდო. ყველაზე ნაცადი, აპრობირებული გზა, ბავშვმა კითხვა რომ ისწავლოს, არის მისთვის შთამბეჭდავი ილუსტრაციებისა და საინტერესო შინაარსის შემცველი ლამაზი წიგნების ყიდვა. ეს შეიძლება იყოს მისი საყვარელი მულტფილმის მოტივებზე შექმნილი ნაწარმოები ― პატარა მკითხველისთვის საინტერესო იქნება, უფრო მეტი გაიგოს მულტფილმის გმირების ცხოვრების შესახებ. მერე რა, თუ ტექსტი პატარაა. აქ მნიშვნელოვანია იმის ჩვენება, თუ რამდენი სილამაზე იმალება ასოებში.

ხერხი 2: წაიკითხეთ ერთად და გამოთქმით, მხატვრულად

ზოგჯერ ბავშვებს იმიტომ არ მოსწონთ კითხვა, რომ ვერ აღიქვამენ დიდ ინფორმაციას. დაეხმარეთ მათ აზრობრივი აქცენტების დასმაში. თქვენი ხატოვანი ინტონაცია დაეხმარება მას მნიშვნელოვან დეტალებზე ყურადღების გამახვილებაში და ტექსტის სწორად აღქმისთვის განაწყობს. წაიკითხეთ მცირე ზომის საინტერესო მოთხრობები, დაყავით ისინი ნაწილებად. სთხოვეთ შვილს, გაიმეოროს თქვენი წაკითხული, დაუსვით მისახვედრი კითხვები, რომ მას წაკითხულის გააზრება გაუადვილდეს. ეს არის ყველაზე მართებული მეთოდი იმისთვის, რომ შვილს სწრაფად და გატაცებით კითხვა ასწავლოთ.

„მსხვერპლი“ და „მოძალადე“ ბავშვები – როგორ დავიცვათ შვილები

ხერხი 3: არ წაიკითხოთ ბოლომდე

თქვენ გატაცებით კითხულობთ და უცებ ამბობთ: „უი, სადილს უნდა მივხედო“ და წიგნს გადაშლილს ტოვებთ. მერე კი უცებ აღმოაჩენთ, რომ მტვრები გაქვთ გადასაწმენდი... ბავშვი იწუწუნებს, იწუწუნებს, მერე კი დამოუკიდებლად განაგრძობს საინტერესო მომენტზე შეწყვეტილი წიგნის კითხვას. ასე რამდენჯერმე და პატარას კითხვის ჩვევა აუცილებლად გამოუმუშავდება.

ხერხი 4: ნუ აიძულებთ იკითხოს ის, რაც მას არ აინტერესებს

თუ ბავშვს წიგნი არ მოეწონება, მიეცით უფლება, რომ მისი კითხვა არ დაასრულოს. შესთავაზეთ სხვადასხვა ჟანრის ნაწარმოებები ― სამეცნიერო ფანტასტიკა, დეტექტივები, სათავგადასავლო ისტორიები. წიგნები ასაკისა და განვითარების მიხედვით შეარჩიეთ.

გახსოვდეთ, ბავშვები სიამოვნებით ეცნობიან მათი ასაკის შესაბამის ენციკლოპედიებს. ისინი სიამოვნებით კითხულობენ მცირე ინფორმაციულ შენიშვნებს და ათვალიერებენ შთამბეჭდავ ილუსტრაციებს.

ხერხი 5: შეიძინეთ ელექტრონული წიგნი

თუ თქვენს შვილს ქაღალდის წიგნი არ მოსწონს, შეგიძლიათ შეუძინოთ ელექტრონული წიგნი. ეს იგივე არ არის, რაც პლანშეტი. ელექტრონული წიგნი არ ღლის თვალებს მკვეთრი განათებით და ვერ აცდუნებს ბავშვს, გადაერთოს ფილმზე ან თამაშზე.

დაიცავით ეს წესები და შედეგიც არ დააყოვნებს. ადრე თუ გვიან დარწმუნდებით, შეაყვაროთ შვილს კითხვა და აიძულოთ ის, რომ იკითხოს ― სრულიად განსხვავებული თემებია.