იდეალური ოჯახები არ არსებობს, ანუ რატომ დაინგრა ქორწინებები პანდემიის დროს

კრიზისული პერიოდის ეტაპები ურთიერთობაში – ამ თემაზე რუბრიკა „ფასილიტატორის“ სტუმარი, პრაქტიკოსი ფსიქოლოგი, ფსიქოთერაპევტი და ტრენერი ნანა ფაცაცია საუბრობს.
Sputnik

წყვილები, რომლებიც გამოირჩევიან ურთიერთშეცნობის მაღალი უნარით, ქმნიან მყარ ოჯახებს. ურთიერთშეცნობა არ გულისხმობს მხოლოდ დადებითი კუთხით ერთმანეთის ხედვას. მსგავს წყვილებს კარგად ესმით ერთმანეთის როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი მახასიათებლების, იღებენ და უყვართ პარტნიორი ისეთი, როგორიც ის არის.  

„გაიდეალურება“ და ერთანეთის მიმართ არაჯანსაღი, გაზვიადებული მოლოდინები ხშირ შემთხვევაში ხდება მიზეზი ურთიერთგაუგებრობის და ერთმანეთისგან გაუცხოების, ვინაიდან მცირედი იმედგაცრუების განცდაც ასეთ დროს კატასტროფად, გამოუვალ მდგომარეობად აღიქმება, რაც უქმნის საფრთხეს მათ მომავალ პარტნიორობას.

უნდა ისწავლებოდეს თუ არა სკოლაში რელიგიის ისტორია, როგორც საგანი

წყვილთა შორის უთანხმოების მიზეზები მრავალფეროვანია, მათ შორის არის განსხავვებული შეხედულებები, გადამეტებული სწრაფვა საკუთარი მოთხოვნილებების დაკმაყოფილების, თავისუფალი დროის გატარების განსხვავებული მოთხოვნები, ერთმანეთის პიროვნული გრძნობების, შეხედულებების და ღირსების უპატივცემულობა, ერთმანეთის გაგების, მზრუნველობის და ყურადღების ნაკლებობა, ასევე სოციალურ ეკონომიკური ფაქტორები, ფსიქო-სექსუალური შეუთავსებლობა.

წყვილები კარგად უნდა აცნობიერებდნენ, რომ ნებისმიერ პიროვნულ ურთიერთობებს თან ახლავს გარკვეული კრიზისული პერიოდები, რაც კრიზისულ ფსიქოლოგიაში ყოველთვის უარყოფით კონტექსტში არ განიხილება, ვინაიდან კრიზისული პერიოდების წარმატებით გადალახვა უფრო ძლიერს და მყარს ხდის ურთიერთობებს.

პირველ კრიზისული პერიოდს წარმოადგენს ურთიერთობის პირველი წელიწადი, როცა ხდება ერთმანეთის უკეთ შეცნობა, „ჩვენ“ კონცეფციის გაცნობიერება. ეს არის პარტნიორთა ურთიერთდაპირისპირების პერიოდი.

„მსხვერპლი“ და „მოძალადე“ ბავშვები – როგორ დავიცვათ შვილები

მეორე კრიზისული პერიოდი ბავშვის დაბადებას, მშობლების პასუხისმგებლობას, მათი უფლებების და მოვალეობების  შესრულებას ეხება, რომელმაც შეიძლება გავლენა მოახდინოს წყვილის ურთერთობაზე.

მესამე კრიზისულ პერიოდს წარმოადგენს ერთფეროვნების პრობლემა, როცა მნიშვნელოვანი ხდება სიახლის და გარკვეული ცვლილებების განხორციელება ურთიერთობაში.

მეოთხე კრიზისული პერიოდი ხშირად ემთხვევა ხანდაზმულობის პერიოდის დაწყებას, როცა შვილების დამოუკიდებელი ცხოვრებით გამოწვეული მარტოობის განცდა ჩნდება.

პარტნიორები, რომლებიც მეტად აცნობიერებენ ურთიერთობებში კრიზისული პერიოდების არსებობას, როცა ხდება ერთმანეთის უარყოფითი და დადებითი თვისებების შეცნობა, ურთიერთპატივისცემა, უპირობო სიყვარული და მიმღებლობა, ეს ყოველივე მყარი ურთიერთობის საფუძველია.

იზოლაცია და განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვები: სპეციალისტი გვირჩევს

სტატისტიკური მონაცემებით გამოიკვეთა, რომ პანდემიით გამოწვეულ თვითიზოლაციის პირობებში ხშირი იყო განქორწინების შემთხვევები. გარეთ გამოსულმა ბევრმა ქართველმა, პირველი, რაც გააკეთა, საჯარო რეესტრს მიაკითხა და ქორწინების გაუქმება მოითხოვა. სწორედ იზოლაციის დროს ერთმანეთის შეცნობისა და უარყოფითი მხარეების წარმოჩინების, ურთიერთგაუგებრობის და კრიზისული პერიოდის არაჯანსაღად მართვის შედეგად მრავალი წყვილი განქორწინდა.

მნიშვნელოვანია წყვილს ესმოდეს ერთმანეთის წუხილი, აუცილებელია გააცნობიერონ ერთმანეთის უარყოფითი და დადებითი თვისებები, პატივი სცენ ერთმანეთის განსხვავებულ შეხედულებებს. მნიშვნელოვანია წყენის არდაგროვება,  ერთმანეთის მოსმენა, გულახდილი საუბარი და მიმდინარე პრობლემის ერთობლივი დაძლევა.

ბულინგი ინტერნეტში, ანუ რა შესაძლო საფრთხის წინაშე დგას თქვენი შვილი

ხშირად გვსმენია ურთიერთობების შენარჩუნების მიზნით რჩევები ბავშვის ყოლის შესახებ – რომ შვილი უფრო მყარს გახდის მათ პარტნიორობას, რაც ყოვლად მიუღებელია. უპირველესად უნდა მოხდეს ერთმანეთის შეცნობა, ურთიერთმიმღებლობა, სიყვარული და ურთიერთპატივისცემა, ვინაიდან შვილის ჯანსაღი ფსიქო-ემოციური განვითარებისთვის მნიშვნელოვანია ის იზრდებოდეს მოსიყვარულე, თბილ, მზრუნველ და უსაფრთხო გარემოში.

იდეალური ოჯახები არ არსებობს, ჩვენ შეგვიძია ვისაუბროთ წარმატებულ ურთიერთობებზე, რომლებიც სწორედ წყვილის უნარებზეა დამოკიდებული. ეს კი სირთულეების გადალახვის, განსხვავებული აზრის პატივისცემის, ერთმანეთის პირადი სივრცის დაცვის, უპირობო მიმღებლობისა და სიყვარულის შედეგია.