ლილოს ბაზრობაზე 12 სუბიექტი დაჯარიმდა

იმ შემთხვევაში, თუ არ მოხდება ჯანდაცვის უწყების მიერ შემუშავებული რეკომენდაციების გათვალისწინება, იურიდიული პირი 10 ათასი ლარით, ფიზიკური პირი კი 2 ათასი ლარით ჯარიმდება.
Sputnik

თბილისი, 4 აგვისტო — Sputnik. კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით შემუშავებული რეკომენდაციების დარღვევის ფაქტზე ლილოს ბაზრობაზე 12 სუბიექტი დაჯარიმდა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის „პირველი არხი“.

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს შრომის ინსპექტირების დეპარტამენტის მიერ განხორციელებული გეგმური შემოწმების ფარგლებში, ბოლო მონაცემებით, 150-მდე გეგმური ინსპექტირება განხორციელდა, რის შედეგადაც 33 რესტორანს და 18 ბაზარს საჯარიმო სანქციები დაეკისრა.

კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით დაწესებული შეზღუდვების ეტაპობრივი გაუქმების ფარგლებში საქართველოში ყველა ტიპის რესტორანი, ბარები და კაფეები 8 ივნისს გაიხსნა. შეზღუდვების მოხსნის მიუხედავად, როგორც დაწესებულებების მფლობელებს, ისე სტუმრებს მთელი რიგი სავალდებულო მოთხოვნების შესრულება უწევთ. საზოგადოებრივი კვების ობიექტებისთვის რეკომენდაციები საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრომ შეიმუშავა. 

რა მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებენ რესტორნები და ბაზრები: რამდენ ობიექტს „აუნთეს წითელი"?

დაჯარიმებული ბიზნეს-ოპერატორებიდან ორი იურიდიული პირია, შესაბამისად, დაკისრებულმა ფულადმა სანქციამ 10-10 ათასი ლარი შეადგინა. დანარჩენი 10 დაჯარიმებული კი ინდმეწარმეა და თითოეული მათგანი 2 ათასი ლარით დაჯარიმდა.

ბაზრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ჯანდაცვის სამინისტროს შრომის ინსპექტირების დეპარტამენტის თანამშრომლები ბაზრობის ტერიტორიაზე გეგმური შემოწმების ჩასატარებლად დაახლოებით ერთი კვირის წინ იმყოფებოდნენ.

ჯარიმის გამოწერამდე შრომის ინსპექციის, სურსათის ეროვნული სააგენტოს, შემოსავლების სამსახურის, თბილისის მერიის ზედამხედველობისა და მუნიციპალური ინსპექციის წარმომადგენლები რეკომენდაციებს გასცემენ.

სპეციალისტები აქტიურად ამოწმებენ, თუ რამდენად სრულყოფილად ხდება ქვეყნის ტერიტორიაზე მოქმედ ბაზრებში უსაფრთხოების წესების დაცვა.

იმ შემთხვევაში, თუ არ მოხდება ჯანდაცვის უწყების მიერ შემუშავებული რეკომენდაციების გათვალისწინება, იურიდიული პირი 10 ათასი ლარით, ფიზიკური პირი კი 2 ათასი ლარით ჯარიმდება.