მსოფლიო დღეს

Audi ბოდიშს იხდის: სკანდალურმა რეკლამამ სოციალური ქსელები აღაშფოთა – ვრცელდება ფოტო

ავტოკონცერნი ბოდიშს იხდის რეკლამისთვის, რომელზეც ავტომობილზე მიყუდებული პატარა გოგონაა გამოსახული ბანანით ხელში.
Sputnik

თბილისი, 4 აგვისტო — Sputnik. გერმანული ავტოკონცერნი Audi ბოდიშს იხდის ავტომობილ Audi RS 4-ის რეკლამის გამო, რომელმაც სოციალური ქსელების მომხმარებლები ნეგატიურად განაწყო, ნათქვამია კონცერნის განცხადებაში.

სარეკლამო ფოტოზე მანქანას მიყუდებული პატარა გოგონაა გამოსახული ბანანით ხელში, ხოლო სარეკლამო სლოგანი ასე გამოიყურება: Lets your heart beat faster – in every aspect — „მიეცით გულს უფლება, სცემდეს უფრო ჩქარა — ყველა ასპექტში“.

​კონცერნის Twitter-ზე 2 აგვისტოს გამოქვეყნებულ ფოტოს კრიტიკის ქარიშხალი მოჰყვა. როგორც გამოცემა Spiegel აღნიშნავს, სოციალური ქსელის ზოგი მომხმარებელი ჩიოდა, რომ რეკლამის შემქმნელებმა არ გაითვალისწინეს ის ფაქტი, რომ ბავშვები ხშირად ხდებიან ავტოავარიების მსხვერპლი, მათ შორის იმის გამოც, რომ მძღოლები მათ ვერ ხედავენ ავტომობილების გაზრდილი გაბარიტების გამო.

გარდა ამისა, იყვნენ ისეთებიც, რომლებიც Audi-ს სულაც ბავშვის სექსუალიზაციაში სდებდა ბრალს.

„ჩვენ გავიგეთ თქვენი ნათქვამი და, მოდით, განვმარტოთ: ჩვენ ვზრუნავთ ბავშვებზე. Audi RS 4 საოჯახო ავტომობილია, მას მძღოლის დასახმარებლად 30-ზე მეტი სისტემა აქვს, მათ შორის, საგანგებო მუხრუჭის სისტემაც. ამიტომაც წარმოვაჩინეთ ის სარეკლამო კამპანიის ფარგლებში ოჯახის სხვადასხვა წევრებთან ერთად. ჩვენ იმედი გვქონდა, რომ გაჩვენებდით: საგზაო მოძრაობის ყველაზე სუსტ მონაწილეებსაც კი შეუძლიათ ენდონ RS-ის ტექნოლოგიას. ეს შეცდომა იყო! Audi-ს არ ჰქონია განზრახვა, შეხებოდა ვინმეს გრძნობებს. გულწრფელად ვითხოვთ პატიებას ამ უტაქტო გამოსახულებისთვის და გპირდებით, რომ მას აღარ გამოვიყენებთ“, — ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.

ამასთან კონცერნში პირობას დებენ, რომ სარეკლამო კამპანიის მიმართულებით შიდა შემოწმებას ჩაატარებენ.