ალექსეი სტეფანოვი
საპილოტე პროექტის კვალდაკვალ, რომლის მიხედვითაც 53 ქვეყნის მოქალაქეებს ელექტრონული ვიზებით შეეძლოთ ვლადივოსტოკში, შორეული აღმოსავლეთის ფედერალურ ოკრუგში, კალინინგრადის ოლქში, სანქტ-პეტერბურგსა და ლენინგრადის ოლქში გამგზავრება, რუსეთის ნებისმიერ რეგიონში მოკლევადიანი ელექტრონული ვიზებით შესვლა ხდება შესაძლებელი.
გასულ პარასკევს ქვეყნის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ხელი მოაწერა ფედერალურ კანონს, რომლის თანახმადაც, რუსეთში ხანმოკლე მოგზაურობისთვის უნივერსალური სამოცდღიანი ელექტრონული ვიზა ინერგება. ამ ვიზას დამოუკიდებელი კატეგორია ექნება დიპლომატიური, სამსახურებრივი, ჩვეულებრივი, ტრანზიტული და დროებით მცხოვრები პირის ვიზის თანაბრად.
ამასთან თავად მოგზაურობის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 16 დღეს. მაგრამ რუსეთის ტუროპერატორების ასოციაციაში სააგენტო Sputnik-ს განუმარტეს, რომ სტატისტიკის თანახმად, რუსეთში უცხოელების მოგზაურობა საშუალოდ ერთ კვირას გრძელდება, ამიტომ ვიზით გათვალისწინებული 16 დღე სრულიად საკმარისი იქნება.
ახალი ვიზის გაფორმება 2021 წლის 1 იანვრიდან იქნება შესაძლებელი. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში ყურადღებას ამახვილებენ იმაზე, რომ ელექტრონულ ვიზებზე ექსპერიმენტის ფარგლებში შორეული აღმოსავლეთის ფედერალურ ოკრუგში, კალინინგრადის ოლქში, სანქტ-პეტერბურგსა და ლენინგრადის ოლქში ისინი პრობლემას წააწყდნენ: პრეტენდენტები განცხადებების შევსებისას ხშირად უშვებდნენ შეცდომებს, რის გამოც ვიზაზე უარს იღებდნენ. იმისათის, რომ იგივე ახალი ვიზების შემთხვევაშიც არ გამეორებულიყო, საიტი გაამარტივეს და დახვეწეს.
ჯერჯერობით ზუსტად არ არის ცნობილი, რომელი ქვეყნების მოქალაქეები შეძლებენ სიახლით სარგებლობას.
„უცხოეთის სახელმწიფოების ჩამონათვალს რუსეთის ფედერაციის მთავრობა ცალკე დაამტკიცებს“, ― განუცხადა Sputnik-ს სახელმწიფო დუმის წევრმა ნატალია კუვშინოვამ.
დიდი ალბათობით, აღნიშნული ქვეყნების ჩამონათვალში შევა ის 53 ქვეყანა, რომლებიც საპილოტე პროექტით სარგებლობდნენ. მათ შორის, ევროკავშირის ქვეყნები, ჩინეთი, იაპონია, თურქეთი, ინდოეთი. ამ სიაში არ შედიოდნენ აშშ-ის, კანადისა და დიდი ბრიტანეთის მოქალქეები და დიდი ალბათობით, მოკლევადიან ელექტრონულ ვიზებს ისინი კვლავ ვერ მიიღებენ.
საგარეო საქმეთა სამინისტროში აღნიშნავენ, რომ ექსპერიმენტისგან განსხვავებით, როცა ცალკეულ რეგიონებში ელექტრონული ვიზები უფასი იყო, ახალი ვიზა 2021 წლის იანვრიდან უკვე ფასიანი გახდება. მისი ფასი ალბათ არ გადააჭარბებს 50 აშშ დოლარს.
ზემოთ ნახსენებ 53 სახელმწიფოს გარდა, რომლებზეც ელექტრონული ვიზების გაცემის შესაძლებლობა ვრცელდება, კიდევ 60 ქვეყნის მოქალაქეებს აქვთ შესაძლებლობა, შევიდნენ რუსეთში ვიზის გარეშე ორმხრივი საერთაშორისო შეთანხმებების საფუძველზე. სამინისტროში ხაზს უსვამენ, რომ ამ სახით 2021 წლიდან რუსეთის ტერიტორიაზე შესვლის მაქსიმალურად ლიბერალური რეჟიმი, რაც ქაღალდის ვიზის მიღებას არ მოითხოვს, მსოფლიოს სხვადსხვა სახელმწიფოების დაახლოებით 4 მლრდ ადამიანზე გავრცელდება.
„ეს შესვლის არსებითი გამარტივებაა, რაზეც მრავალის წლის განმავლობაში ოცნებობდა მთელი ტურიზმი. მთავარია, რომ ელექტრონული ვიზის მიღება ნამდვილად მარტივი იყოს“, ― განაცხადა რუსეტის ტუროპერატორების ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა მაია ლომიძემ.
მისი აზრით, ელექტრონული მოკლევადიანი ვიზა, ყველაზე პესიმისტური პროგნოზებითაც კი, ტურისტების ნაკადს რუსეთში 30%-ით გაზრდის. ამიტომ მაია ლომიძე დარწმუნებულია, რომ სიახლე მხოლოდ პლუსებს მოიტანს, ხოლო „მინუსი ერთადერთი იქნება, თუ გამარტივებაზე განაცხადი ფაქტზე ასეთი არ გამოდგება“.
რუსეთი საერთაშორისო მიმოსვლას განაახლებს: პრემიერი ასახელებს თარიღსა და ქვეყნებს>>
თავის მხრივ, ტუროპერატორების ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი ალექსანდრ კურნოსოვი აცხადებს, რომ მთავრობის ეს გადაწყვეტილება ტურისტების ნაკადს 40 ან 50%-თაც კი გაზრდის.
მას იმედი აქვს, რომ სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაცია მომავალშიც გაგრძელდება, ანუ ვიზის მოქმედების ვადა ამჟამინდელი ორი თვიდან, სულ ცოტა, ნახევარ ან ერთ წლამდეც კი გახანგრძლივდება, ხოლო ქვეყნის ტერიტორიაზე ყოფნის დასაშვები 16 დღე ერთ თვემდე გაიზრდება.
კურნოსოვს ასევე იმედი აქვს, რომ გაფართოვდება იმ ქვეყნების რაოდენობაც, რომლებზეც ელექტრონული ვიზები ვრცელდება, „ვინაიდან ჩამონათვალში არ შევიდა ის სახელმწიფოები, რომლებიდანაც რუსეთში საკმაოდ დიდი რაოდენობის ტურისტი ჩამოდიოდა ― ესენია აშშ და დიდი ბრიტანეთი“.
კურნოსოვის აზრით, ეს პოზიტიური იქნებოდა, „თუმცა გასაგებია, რომ ამ საკითხში ყველაფერს პოლიტიკურ სიტუაცია წყვეტს“.