ინფიცირების წყარო ვერ დგინდება: კორონავირუსის ახალი შემთხვევები საქართველოში

ამ დროისათვის გამოჯანმრთელებულია 959 ადამიანი, გარდაცვლილია – 17, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 6919, ხოლო სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 251 პაციენტია.
Sputnik

თბილისი, 3 აგვისტო — Sputnik. საქართველოში ბოლო დღე-ღამეში გამოვლენილი კორონავირუსის ორი ახალი შემთხვევიდან ერთი პაციენტის ინფიცირების წყაროს დადგენა ჯერ ვერ მოხერხდა, განუცხადა ჟურნალისტებს თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ.

ამ დროისათვის „კოვიდ–ცენტრებში“ 241 პაციენტი მკურნალობს. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 81,5%-ია. 

საქართველოში კორონავირუსის დიაგნოსტიკის მაღალტექნოლოგიური ლაბორატორია გაიხსნება

„ორი ახალი ინფიცირებულიდან ერთი დადასტურებული შემთხვევის კონტაქტია. მეორე პაციენტის შემთხვევაში კი ინფიცირების წყაროს დადგენა გრძელდება“, – განაცხადა ეზუგბაიამ.

რაც შეეხება უშუალოდ ინფექციურ საავადმყოფოს, კლინიკაში კორონავირუსის დიაგნოზით 37 პაციენტი მკურნალობს.

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში ორით გაიზარდა და 1179-ს მიაღწია, აღნიშნულია საქართველოს მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge.

ამ დროისათვის გამოჯანმრთელებულია 959 ადამიანი, გარდაცვლილია – 17, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 6919, ხოლო სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 251 პაციენტია.

ასევე კორონავირუსის დიაგნოზით უცხოეთიდან სამშობლოში გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე, მათ შორის 38 – სამხედრო მოსამსახურე.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.