თბილისი, 2 აგვისტო - Sputnik. ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ შენაქოში 25 წლის მოქალაქე ცხენიდან გადმოვარდა და სხეულის დაზიანებები მიიღო, ნათქვამია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
უწყების ცნობით, გადაუდებელი დახმარების ოპერატიულ მართვის ცენტრ 112-ში შევიდა ინფორმაცია, რომ დაშავებულ ახალგაზრდას ესაჭიროებოდა მაშველების დახმარება.
სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის ჯგუფები თუშეთის მიმართულებით ვერტმფრენით გაემგზავრნენ. მათ პაციენტი თბილისში, ღუდუშაურის სახელობის ეროვნულ სამედიცინო ცენტრში გადმოიყვანეს, სადაც შესაბამისი სამედიცინო დახმარება უტარდება.
სამაშველო ოპერაციაში ჩართულები იყვნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების მთავარი სამმართველოს ჯგუფი და ჯანდაცვის სამინისტროს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ექიმები.