რუსეთმა ანტოკორონავირუსული ვაქცინის კლინიკური გამოცდები დაასრულა

უკვე მიმდინარე წლის ოქტომბრიდან რუსეთში კორონავირუსულ ინფექციაზე ადამიანების მასობრივი ვაქცინაცია იგეგმება
Sputnik

თბილისი, 2 აგვისტო — Sputnik. კორონავირუსის ვაქცინის კლინიკური გამოცდა, რომელიც გამალეის სახელობის ეპიდემიოლოგიისა და მიკრობიოლოგიის ეროვნულ კვლევით ცენტრში შეიქმნა,  დასრულებულია, განაცხადა რუსეთის ჯანდაცვის მინისტრმა მიხაილ მურაშკომ.

„ვექტორი“: ვაქცინის მასობრივი წარმოება რუსეთში წლის ბოლოს დაიწყება

მინისტრის თქმით, ამ დროისათვის მზადდება დოკუმენტების პაკეტი პრეპარატის რეგისტრაციისათვის.

„ჩვენ კიდევ ორ განცხადებას ველოდებით უახლოეს თვენახევარ–ორ თვეში კლინიკური კვლევების ჩატარებაზე უფლების მისანიჭებლად“, — აღნიშნა მურაშკომ.

მისი განმარტებით, სარეგისტრაციო მოწმობის მიღების შემდეგ ვაქცინაცია დაიწყება და ის უპირველეს რიგში განსაკუთრებული ჯგუფების წარმომადგენლებს ჩაუტარდებათ — მედიკოსებს, მასწავლებლებს და სხვ.

მინისტრის მონაცემებით, მასობრივი ვაქცინაცია ოქტომბერში დაიწყება.

აღსანიშნავია, რომ გამალეის ცენტრი ვაქცინის კლინიკურ კვლევას თავდაცვის სამინისტროსთან ერთად აწარმოებდა ბურდენკოს სახელობის სამხედრო ჰოსპიტლის ბაზაზე, საიდანაც ოც ივლისს გაეწერა ოცი მოხალისისგან შემდგარი მეორე ჯგუფი. თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ ანალიზების თანახმად, ყველა მოხალისეს ერთმნიშვნელოვნად დაეწყო იმუნური პასუხის გამომუშავება. მათ არ  შეენიშნებათ არანაირი გვერდითი მოვლენა, გართულება თუ არასასურველი რეაქციები, არ დაფიქსირებულა ჩივილები ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით.