არჩევნების ციებ–ცხელება: გუბერნატორები თანამდებობებს ტოვებენ

შაბათს დაკავებული თანამდებობები სამი რეგიონის გუბერნატორებმა დატოვეს – ისინი ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობენ
Sputnik

თბილისი, 1 აგვისტო  — Sputnik. 1 აგვისტოსთვის თანამდებობები დატოვეს იმ გუბერნატორმა, რომლებიც მმართველმა პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიულმა საქართველომ“ საპარლამენტო არჩევნებში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებად დაასახელა, ნათქვამია მმართველი პარტიის განცხადებაში. 

„ქართულმა ოცნებამ" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები დაასახელა

საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს არის დაგეგმილი. მოსახლეობა 150 დეპუტატს აირჩევს – 120-ს პარტიული სიებით, ხოლო 30-ს – მაჟორიტარულ ოლქებში. მმართველმა პარტიამ გასულ კვირას ერთმანდატიან ოლქებში საკუთარი კანდიდატები დაასახელა, რომლებიც ჩაერთვებიან წინასაარჩევნო კამპანიაში.

მმართველი პარტიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, თანამდებობები დატოვეს კახეთის, შიდა ქართლის, მცხეთა–მთიანეთის გუბერნატორებმა: ირაკლი ქადაგიშვილმა, გიორგი ხოჯევანიშვილმა და შალვა კერესელიძემ, რომლებიც საკუთარ რეგიონებში იყრიან კენჭს.

თანამდებობას ასევე დატოვებს ვაკის რაიონის გამგებელი  ნოდარ ტურძელაძე, რომელიც არჩევნებში მაჟორიტარი დეპუტატის მანდატის მოპოვებისთვის იბრძოლებს.

დღეისთვის საკუთარი თანამდებობები უკვე დატოვეს აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა ზაალ მიქელაძემ, რომელიც კენჭს ქობულეთის საარჩევნო ოლქში იყრის და სამეგრელო–ზემო სვანეთის გუბერნატორმა ალექსანდრე მოწერელიამ.

მმართველ პარტიაში აღნიშნავენ, რომ დანარჩენი კანდიდატები, რომლებსაც თანამდებობები სახელმწიფო აპარატში უკავიათ, თანამდებობებს წინასაარჩევნო კამპანიის დაწყების შემდეგ დატოვებენ, როგორც ეს კანონითაა გათვალისწინებული.