დღეიდან ბარათაშვილის ხიდზე მოძრაობა ნაწილობრივ იზღუდება: ცნობილია ვადა

დღეიდან თბილისში, ბარათაშვილის ხიდზე, პროფილაქტიკური სამუშაოები იწყება, რის გამოც მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება
Sputnik

თბილისი, 1 აგვისტო — Sputnik. თბილისში, ბარათაშვილის ხიდზე, გეგმური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, დღეიდან მოძრაობა ნაწილობრივ იზღუდება, იუწყება დედაქალქის მერია.

„თბილისის მერია დედაქალაქის მასშტაბით ხიდების მოვლა-პატრონობას სისტემატიურად ახორციელებს. წლიური ხელშეკრულების მიხედვით, კონტრაქტორი კომპანია თბილისში არსებული ხიდებისა და გზაგამტარების შემოწმებას, მათი მდგომარეობის შესწავლას და დაზიანების შემთხვევაში აღდგენას ახდენს“, — ნათქვამია მერიის პრესსამსახურის განცხადებაში.

გავრცელებული ცნობით, ბარათაშვილის ხიდზე სადეფორმაციო ნაკერების რეაბილიტაცია აღნიშნული კონტრაქტის ფარგლებში იწყება.

დაგეგმილ სამუშაოებთან დაკავშირებით, პირველი აგვისტოდან 16 აგვისტოს ჩათვლით ბარათაშვილის ხიდზე საავტომობილო მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება.