სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს პრეზიდენტის დროშა დაამტკიცა

საქართველოს პარლამენტთან არსებულმა ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭომ დროშის სამი პროექტი შექმნა, რომელთაგანაც ერთ-ერთი საქართველოს პრეზიდენტმა დაამტკიცა.
Sputnik

თბილისი, 31 ივლისი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს პრეზიდენტის დროშა „სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული შესაბამისი პროცედურით დაამტკიცა, ნათქვამია პრეზიდენტის ადმინისტრაციის ვებ-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

საქართველოს პრეზიდენტის დროშა არის კვადრატული ფორმის თეთრი ალამი. ალმის შუაგულში მოთავსებულია საქართველოს მცირე სახელმწიფო გერბის ფარი, რომლის მეწამულ ველზე გამოსახულია ოქროს ჯვრით დაბოლოებული ვერცხლის შუბით ვერცხლის გველეშაპის განმგმირავი ვერცხლის მხედარი – წმინდა გიორგი ოქროს შარავანდედით. საქართველოს პრეზიდენტის დროშას შემოვლებული აქვს წითელი არშია წითელი კუწუბებით შიგნითა მხრიდან.

საქართველოს პარლამენტთან არსებულმა ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭომ დროშის სამი პროექტი შექმნა, რომელთაგან ერთ-ერთი საქართველოს პრეზიდენტმა დაამტკიცა.

პრეზიდენტის ადმინისტრაცია აზუსტებს, რომ საქართველოს პრეზიდენტის დროშის დამტკიცებული დიზაინის აღწერილობისა და გამოსახულების საფუძველი საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკაა.