თბილისი, 31 ივლისი - Sputnik. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა ფედერალურ კანონს, რომელიც ითვალისწინებს ერთჯერადი 16-დღიანი ელექტრონული ვიზის გაცემას. ერთჯერადი ვიზით სარგებლობა შესაძლებელია გაცემიდან 60 დღის განმავლობაში.
შესაბამისი დოკუმენტი სამართლებრივი ინფორმაციის ოფიციალურ ინტერნეტ–გვერდზე გამოქვეყნდა.
კანონის თანახმად, 2021 წლის 1 იანვრიდან გაიცემა უნივერსალური ერთიანი ელექტრონული ვიზა უცხო ქვეყნების მოქალაქეთათვის, რომლებიც რუსეთის ფედერაციას სტუმრობენ ტურისტული, საქმიანი თუ ჰუმანიტარული მიზნით. ეს იქნება დამოუკიდებელი კატეგორიის ვიზა, დიპლომატიურ, სამუშაო, ჩვეულებრივ, სატრანზიტო და დროებითი ბინადრობის ვიზებთან ერთად.
ერთჯერადი ელექტრონული ვიზა გაიცემა 60 კალენდარული დღის მოქმედების ვადით. აღნიშნული ვიზით უცხო ქვეყნების მოქალაქეებს რუსეთში დარჩენა შეეძლებათ 16 დღის განმავლობაში. ვიზით სარგებლობას შეძლებენ მოქალაქეები, რომლებიც რუსეთს ესტუმრებიან ტურისტული, საქმიანი, კულტურულ, ეკონომიკურ, სპორტულ, სამეცნიერო თუ პოლიტიკურ-საზოგადოებრივ ღონისძიებებში მონაწილეობის მიზნით.
ელექტრონული ვიზა შესაბამისი განაცხადის შეტანიდან ოთხ კალენდარულ დღეში გაიცემა.