თბილისი, 31 ივლისი — Sputnik. ეპიდემიოლოგებმა ლილოს ბაზრობაზე 3,8 ათასი გამყიდველი შეამოწმეს და მხოლოდ ხუთ შემთხვევაში დადასტურდა კორონავირუსი, განაცხადა ჟურნალისტებთან საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ.
გასულ კვირაში გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფლებში კორონავირუსის ახალი შემთხვევები გამოვლინდა. ინფიცირების ჯაჭვის მიხედვით ეპიდემიოლოგები ლილოს ბაზრობაზე გავიდნენ, სადაც გარდაბნის მცხოვრებლები ვაჭრობენ. ამ ფაქტის გამო სპეციალისტებმა ყველა მოვაჭრის შემოწმება დაიწყეს.
„ლილოს ბაზრობაზე ტესტი ჩაუტარდა 3,8 ათას ადამიანს და კორონავირუსი მხოლოდ ხუთს დაუდასტურდა“, – განაცხადა ტიკარაძემ.
ამასთან, მან აღნიშნა, რომ, ლილოს ბაზრობის მსგავსად, იგეგმება კორონავირუსზე სხვა ბაზრების მოვაჭრეთა შემოწმებაც.
„დინამოს“ სტადიონთან არსებულ ბაზრობაზე ტესტირება უკვე დაიწყო, სხვა ბაზრობების მოვაჭრეთა შემოწმებას ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე დავგეგმავთ“, – განაცხადა ტიკარაძემ.
ლილოს ბაზრობის ტერიტორია 35 ჰექტარს მოიცავს. აქ ექვსი ათასზე მეტი სავაჭრო წერტილია განთავსებული. აქვე მდებარეობს საწყობები და საბაჟო ტერმინალი.
31 ივლისის მონაცემებით, საქართველოში ინფიცირებულთა რიცხვმა 1168-ს მიაღწია, გამოჯანმრთელდა 940, გარდაიცვალა 17 ადამიანი.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.