რაჭაში სტიქიის ზონიდან მოსახლეობის გამოყვანა გრძელდება

სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენებმა გუშინ შვიდი გაფრენა შეასრულეს და რაჭიდან ასზე მეტი მოქალაქე უსაფრთხო ადგილზე გადაიყვანეს.
Sputnik

თბილისი, 30 ივლისი – Sputnik. დანგრეული ინფრასტრუქტურა, სამყაროს მოწყვეტილი სოფლები – წყალდიდობამ რაჭა სერიოზულად დააზარალა. აქ დილიდან განახლდა ადგილობრივი მოსახლეობისა და დამსვენებლების ევაკუაცია, ნათქვამია ონის მერიის Facebook-გვერდზე.

უამინდობისა და კოკისპირული წვიმების გამო რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონის 12 სოფელი – 2 ათასზე მეტი ადამიანი გარე სამყაროს მოწყვეტილი აღმოჩნდა. პირველადი ინფორმაციით, სტიქიის შედეგად დაზიანებულია 10 ხიდი, 8 ადგილზე ჩანგრეულია ცენტრალური გზის სავალი ნაწილი, ასევე რამდენიმე მონაკვეთი ონიდან შოვის მიმართულებით და შიდა სასოფლო გზები.

რაჭაში სტიქიის ზონიდან მოსახლეობის გამოყვანა გრძელდება

წყალდიდობის შედეგების ლიკვიდაციის საკითხებზე მომუშავე საგანგებო შტაბის წინასწარი ინფორმაციით, ზარალი რამდენიმე მილიონ ლარს შეადგენს.

რაჭაში სტიქიის შედეგების ლიკვიდაციისთვის საგანგებო შტაბი შეიქმნა

ადგილზე გრძელდება სალიკვიდაციო სამუშაოები, მობილიზებულია მძიმე ტექნიკა, მოეწყო რამდენიმე შემოვლითი გზა, რამდენიმე სოფელს ელექტროენერგიის მიწოდება აღუდგა.

ონიდან უწერამდე ოთხ სოფელს შორის გზა აღდგა. ადგილობრივი ხელისუფლება აცხადებს, რომ ონში წყალმომარაგების აღსადგენად სერიოზული სამუშაოებია ჩასატარებელი. რადგან წყლის მიწოდება წყალდიდობის გამო ასობით სახლში შეწყდა, სასმელ წყალს ცისტერნებით აწვდიან.

სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენებმა გუშინ შვიდი გაფრენა განახორციელეს და რაჭიდან ასზე მეტი მოქალაქე უსაფრთხო ადგილზე გადაიყვანეს, მათ შორისაა 21 არასრულწლოვანი. დაშავებულები არ არიან. მოქალაქეების ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

ადგილზე მობილიზებულია დაახლოებით 90 მაშველი-მეხანძრე, ასევე საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების მთავარი სამმართველოს მაშველები, დრონები და სპეცტექნიკა.