თბილისი, 30 ივლისი – Sputnik. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ დააკმაყოფილა 23 წლის გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის მშობლების მოთხოვნა და საქმე, რომელსაც ქვემო ქართლის რეგიონული პოლიცია იძიებდა, ცენტრალურ კრიმინალურ პოლიციას გადასცა, იუწყება „პირველი არხი“ უწყების პრეს-სამსახურზე დაყრდნობით.
თამარ ბაჩალიაშვილი ხუთი დღის ძებნის შემდეგ თეთრიწყაროს რაიონში, საკუთარ ავტომობილში გარდაცვლილი იპოვეს. ის სახლიდან 18 ივლისს გავიდა და უკან აღარ დაბრუნებულა. ოჯახი გოგონას დაღუპვას მის საქმიანობას უკავშირებს (ის პროგრამისტი იყო) და წინასწარი ვერსიის – თვითმკვლელობის არ სჯერა.
საქმის გამოძიება ქვემო ქართლის პოლიციამ დაიწყო, თუმცა გოგონას მშობლებს, მრავალი უცნაური ვითარების გამო, ეჭვი გაუჩნდათ გამოძიების მსვლელობის ობიექტურობაში და საქმის შსს-სთვის გადაცემა მოითხოვეს.
„ამის მერე მათზეა (კრიმინალურ პოლიციაზე) დამოკიდებული ის ნდობა, რომელიც აღარ ჰქონდა ოჯახს ქვემო ქართლის პოლიციის მიმართ. მათ ოპერატიულობაზე, კეთილსინდისიერაბაზეა დამოკიდებული, რამდენად გაეცემა პასუხი ყველა იმ კითხვას, რაც დააკმაყოფილებს ოჯახს და აღადგენს სამართლიანობის განცდას“, – განაცხადა ოჯახის ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა.
უფრო ადრე გოგონას მამამ ჯუმბერ ბაჩალიაშვილმა განაცხადა, რომ უნდობლობა გამოიწვია იმ ფაქტმა, რომ აღნიშნულ პოლიციაში მუშაობს ადამიანი, რომელმაც მას ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც გოგონას ძებნის ღონისძიებები მიმდინარეობდა, უთხრა, თითქოს გოგონას ლეპტოპში არსებული ინფორმაციიდან გამომდინარე, თამარს დიდი პრობლემები ჰქონდა. ამის შემდეგ ამ გამომძიებელმა თავის სიტყვებზე უარი თქვა.
ამავე დროს დედამ – თეონა თამაზაშვილმა განაცხადა, რომ ყველაფერზე წავა, რათა გაიგოს, როგორ დაიღუპა მისი ქალიშვილი.
„ვიდრე გზა არ გადავკეტეთ, მანქანა არ გამოჩნდა, და რომ მოვითხოვეთ ფედერალური ბიუროს ჩართულობა, იმ დღესვე გაიხსნა კომპიუტერი ადვოკატის გარეშე“, – განაცხადა თეონა თამაზაშვილმა და დაამატა, რომ ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რათა გაიგოს, რა მოხდა სინამდვილეში.
23 წლის თბილისელი თამარ ბაჩალიაშვილის ცხედარი ხუთი დღის ძებნის შემდეგ თეთრიწყაროს რაიონის სოფელ მაწევანის მიმდებარე ტერიტორიაზე, დაუსახლებელ ადგილზე საკუთარ მანქანაში აღმოაჩინეს. ცხედარი მწყემსმა იპოვა.
ბაჩალიაშვილის საქმე: რა წერია დამოუკიდებელი ექსპერტების წინასწარ დასკვნაში>>
თავდაპირველად გოგონას გაუჩინარებაზე საქმე აღძრული იყო თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით, თუმცა ახლა კიდევ ერთი მუხლი – თვითმკვლელობამდე მიყვანა დაემატა.
შესაძლო თვითმკვლელობაზე ვერსია იმიტომ გაჩნდა, რომ სხეულის წინასწარმა დათვალიერებამ ტრავმები და ჭრილობები არ გამოავლინა. ასევე ეჭვს იწვევს ის, რომ ავტომობილში ცხედრის ნივთებში ნაპოვნ წამლებს 20 აბი აკლია.
თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების მიზეზთან დაკავშირებით ექსპერტიზის ოფიციალურ დასკვნაზე მუშაობა ჯერ არ არის დასრულებული.
გოგონას ოჯახსა და ახლობლებს არ სჯერათ, რომ თამარს თავის მოკვლა შეეძლო. მათი აზრით, ის შეიძლება შეიტყუეს რაიონში, სადაც არასდროს ყოფილა და შემდეგ მოკლეს. მეორე ვერსიით, იგი აიძულეს თავი მოეკლა – სამუშაოს გამო.
„საიდან ასეთ პატარა გოგოს ამდენი ფული?“ – სოციალურ ქსელში ახალი დეტალები ვრცელდება>>
ყველაზე დიდი ეჭვები ოჯახს მის სამსახურთან დაკავშირებით აქვს. ბაჩალიაშვილი პროგრამისტად მუშაობდა ორ კომპანიაში, მაგრამ სამსახურზე ახლობლებთან არასდროს ლაპარაკობდა. გაუჩინარებამდე ცოტა ხნით ადრე დედამ შენიშნა, რომ თამარი ნერვიულობდა და გადაწყვიტა, რომ ეს მის სამუშაოს უკავშირდებოდა. ერთ-ერთი ვერსიით, გოგონამ შეიტყო ისეთი რამ, რაც არ უნდა გაეგო.