მსოფლიო დღეს

დაუსრულებელი მკურნალობა: ახალგაზრდა ქალი კბილის გამო კინაღამ დაიღუპა

სიბრძნის კბილზე გაჩენილი ჩირქგროვიდან ახალგაზრდა ქალს ინფექცია განუვითარდა გულზე, ღვიძლსა და თავის ტვინზე.
Sputnik

თბილისი, 30 ივლისი — Sputnik. ახალგაზრდა ქალი, რომელმაც დაზიანებული სიბრძნის კბილის მკურნალობა ბოლომდე არ მიიყვანა, კინაღამ დაიღუპა, იუწყება The Sun.

​გავრცელებული ინფორმაციით, 35 წლის რებეკა დალტონმა დეკემბრის ბოლოს მიმართა სტომატოლოგს მას შემდეგ, რაც სიბრძნის კბილის გამო მცირე აბსცესი (ჩირქით სავსე პათოლოგიური ღრუ) განუვითარდა. ექიმმა მას კბილის ამოღება ურჩია, მაგრამ რებეკა მაშინ ფეხმძიმედ იყო და ამიტომ ეს პროცედურა გადადო. მან მხოლოდ ანტიბიოტიკების კურსი ჩაიტარა და იფიქრა, რომ პრობლემა ამით მოგვარდა.

როგორ შევაჩეროთ კბილის ტკივილი წამლის გარეშე

მაგრამ მარტში ქალი საგანგებო რეჟიმში გადაიყვანეს საავადმყოფოში. ექიმებმა მას სასწრაფოდ ჩაუტარეს გამოკვლევა და დაადგინეს, რომ ინფექცია უკვე გავრცელებულიყო გულზე, ღვიძლსა და ტვინზე. შედეგად ახალგაზრდა ქალს ფეხებმა უმტყუნა — ვეღარ დადიოდა, და კოგნიტიური ფუნქციებიც დაერღვა. 

მედიკოსებმა რებეკას თავის ტვინში ზუსტად იგივე ბაქტერიები აღმოაჩინეს, რომლებიც აბსცესში იყო.

ქალის მდგომარეობა ძალიან მძიმე იყო, ამიტომ, მიუხედავად კორონავირუსული პანდემიის გამო დადგენილი კარანტინისა, საავადმყოფოს ხელმძღვანელობამ რებეკას დედა ორჯერ დაუშვა პალატაში შვილის სანახავად – ექიმებს მისი გადარჩენის იმედი თითქმის აღარ ჰქონდათ.

საბედნიეროდ, მედიკოსებმა რებეკა დალტონის გადარჩენა შეძლეს. ამ დროისათვის ის უკვე გაწერილია საავადმყოფოდან და რეაბილიტაციას შინ გადის.