ცენტრალურ ავტომაგისტრალზე ტრანსპორტის მოძრაობა იზღუდება

ტრანსპორტის მოძრაობა დასავლეთის მიმართულებით განხორციელდება გომი–აგარა–თბილისი–სენაკი–ლესელიძის შემოვლით გზაზე, ქარელისა და აგარის სატრანსპორტო კვანძის გავლით.
Sputnik

თბილისი, 29 ივლისი — Sputnik. საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზაზე ინდივიდუალური დაპროექტების საგზაო ნიშნების განთავსებასთან დაკავშირებით 30 ივლისს ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება, ნათქვამია საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადებაში.

უწყების ცნობით, ცენტრალური მაგისტრალის 120-ე კილომეტრზე საგზაო ნიშნების განთავსებისთვის საჭიროა 21,6 მეტრი სიგრძის ლითონის კონსტრუქციის მონტაჟი, რისთვისაც საჭიროა მაღალი ტვირთამწეობის ორი ამწე მექანიზმის ერთდროული მუშაობა, რაც სრულად დაიკავებს სავალი ნაწილის მარჯვენა (დასავლეთის) მიმართულებას. 

„აღნიშნული სამუშაოების შესრულების მიზნით 30 ივლისს, 00:00 სთ-დან 07:00 სთ-მდე დასავლეთის მიმართულებით იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა“, – ნათქვამია განცხადებაში.

აღნიშნულ პერიოდში ტრანსპორტის მოძრაობა დასავლეთის მიმართულებით განხორციელდება გომი–აგარა–თბილისი–სენაკი–ლესელიძის შემოვლით გზაზე, ქარელისა და აგარის სატრანსპორტო კვანძის გავლით.

ტრანსპორტის მოძრაობას კოორდინაციას გაუწევს საპატრულო პოლიცია.