უძველესი ქართველები, ანუ გზა კასიტების ქვეყნიდან საქართველომდე

უძველესი ელამის სახელმწიფოს შემადგენლობაში შემავალი კასიტების ქვეყნის მეფეს სახელად სულ-ქალმახი ერქვა - რაც მყისიერად მითოლოგიური ამირანის მამის სახელთან - სულკალმახთან ასოცირდება
Sputnik

ყოველი ერი, ყოველი ენა თავისთავად უდიდესი ღირებულებაა. ერი არ არის ადამიანთა მექანიკური ერთობა. ის, უპირველეს ყოვლისა, ცოცხალი, ბოლომდე შეუცნობი, სულიერი ორგანიზმია, რომლის არსებობასაც ღვთის ნებაა.

ისტორია იწყება შუმერებიდან, ანუ... საქართველოდან? – ორი ენის საოცარი მსგავსება

ქართველი ერის ფენომენზე, მის წარმოშობაზე სხვადასხვა აზრი არსებობდა და არსებობს.  ალბათ საინტერესოა, თუ ვინ იყვნენ ქართველთა წინაპრები, ჩვენი „ფესვები“, რომლებიც შორეულ  წარსულში იღებს სათავეს.

დღევანდელი ირანის ტერიტორიაზე არსებობს ზაგროსის მთა, სადაც ძალიან დიდი ხნის წინათ ელამის სამეფო ყვაოდა. ელამი რეგიონში მესამე იყო შუმერისა და აქადის შემდეგ, ხოლო თავად ელამელები, მტკვარ-არაქსის კულტურის არეალს მიეკუთვნებოდნენ.

ძველი წელთაღრიცხვის III ათასწლეულის ბოლოს ელამის ძლიერი ქვეყნის შემადგენლობაში შედიოდა კასიტების ქვეყანაც — ქაშენი, რომელიც ქართველთა წინაპრებით იყო დასახლებული. იბერიულ-ქალდეური მოდგმის განსახლების არეალი მარტო ირანის ზაგროსის მთას კი არა, სხვადასხვა დროს მოიცავდა კავკასიას, მესოპოტამიას, სირიასა თუ პალესტინას.

კასიტების ენა უკავშირდება კავკასიურ ენათა ჯგუფს, ხოლო თვით კასიტები ეთნიკურად ყველაზე ახლოს იდგნენ კავკასიურ ტომებთან. ნიკო მარი ამტკიცებდა, კასიტები ქართველების მონათესავე ხალხიაო. საინტერესოა, რომ კასიტები თავს ქარდუნიაშებს (კარდუ) უწოდებდნენ.

ელამის სახელმწიფო ძველი წელთაღრიცხვის მე–3 ათასწლეულში წარმოიქმნა და ჩვენს ერამდე VI საუკუნემდე იარსება. მისი უმნიშვნელოვანესი ქალაქები იყო სუზა (შუშენი) და ანშანი. ნიშანდობლივია ისიც, რომ მთა არარატს ეს სახელი შუა საუკუნეებში ეწოდა, მანამდე მას კარდუ ერქვა, რაც ურარტულად „გულს“ ნიშნავს.

ადგილთა სახელები, ანუ გაიცანით საქართველო: იცით, რატომ დაერქვა...

ცხადია, რომ კასიტები ნათესაურ კავშირს ქართველურ მოდგმასთან ავლენენ. კასიტები მეტყველებდნენ ენაზე, რომელიც ნათესაურ კავშირს მხოლოდ იბერიულ-კავკასიურ ენებთან ამჟღავნებს.

ელამის უმაღლეს მმართველს „სუ ქალი“ ეწოდებოდა, დინასტია დედის ხაზით გრძელდებოდა. ელამში არსებული გვაროვნული სისტემა იბერიულ-კავკასიურის იდენტური იყო.  ელამური წამომავლობის მეფე ფუზურ-ინშუშინაკი ერთ-ერთ წარწერაში აღწერს თავისი სამფლობელოს შემადგენლობაში არსებულ რაიონებს, სადაც ახსენებს კაშენის ქვეყანას. იმ დროს კასიტების ქვეყანა ელამის სახელმწიფოს ექვემდებარებოდა.

ბერძნულ წყაროებში კასიტების ქვეყანა „კოსეას“ სახელით მოიხსენიება და მისი ადგილსამყოფელის მითითება ემთხვევა ასურულ-ბაბილონურ წყაროებში მითითიებულს. უძველეს  ასურულ-ბაბილონურ წყაროებში მოხსენიებული „ქაშუს ტომები“ და ანტიკურ წყაროებში მოხსენიებული „კოსეები“ იდენტურნი არიან.

კასიტებს ასევე აიგივებენ ქალდეველებთან (ეს ის ქალდეველები არიან, ნარდი რომ გამოიგონეს). ქალდეა ადრე ლაზეთს ერქვა. ღვთაება ხალდის (ანუ ქალდის) სახელი მეგრულია და ნიშნავს „შარავენდედიანს“, „გვირგვინოსანს“. სვანეთში კი დღემდე არსებობს სოფელი ხალდე.

ძველი წელთაღრიცხვით 1595 წელს ბაბილონი დაიპყრეს, დაამხეს ამორეველთა სამეფო დინასტია და იქ 1204 წლამდე ბატონობდნენ. მაგრამ 1174 წელს კასიტები განდევნეს ბაბილონიდან, რის შემდეგაც ისინი მცირე აზიის ტომებს შეერივნენ და ისტორიულ ასპარეზზე დიდ როლს აღარ ასრულებდნენ.

„გულთმისანი“ ალბანელები, ანუ რატომ ვერ იქნება დავით-გარეჯა ალბანური კულტურის ძეგლი

კასიტი მეფეებიდან ყურადღებას იპყრობს ხელმწიფე სულ-ქალმახი (ეს მეფე ეპარტ მეორის სახელითაც არის ცნობილი) სუზადან. ის ძველი წელთაღრიცხვის 1850 წელს გამეფდა (სხვა ვერსიით ძვ. წ. აღ. 1973 წელს) და მისი დინასტია ელამს თითქმის ხუთი საუკუნე მართავდა. საინტერესო ფაქტია, რომ ქართული ეპოსის გმირის, მითოლოგიური ამირანის მამასაც სულკალმახი ერქვა. სავარაუდოდ  ეს ეპოსი სწორედ მტკვარ-არაქსის კულტურის ეპოქაში უნდა შექმნილიყო.

მოგვიანებით ელამური ენა არამეულთან და სპარსულთან ერთად აქემენიდების სპარსეთის ერთ-ერთი სახელმწიფო ენა გახდა, ხოლო ქალაქი სუზა — იმპერიის ერთ-ერთ დედაქალაქი. თუმცა ერთმნიშვნელოვნად იმის თქმა, რომ ელამი წინასპარსული სახელმწიფო იყო. არ შეიძლება.

როგორც ექვთიმე მთაწმინდელი წერს:

„ამათ ყოველთა ნათესავთა არა თუ ყოველთა თვისი ენაი აქუს, არამედ მრავალნი ერთითა ენითა ზრახვენ“.

ელამი მრავალეროვნული ქვეყანა იყო, სადაც თავად ელამელებთან ერთად გაერთიანებულნი იყვნენ კასიტები (წინარექართველები), გუთიები (კავკასიელი ალბანელების — უდების, უტიების წინაპრები. თუმცა ქურთებსაც მიაჩნიათ, რომ  გუთიები მათი წინაპრები იყვნენ). მათ ეპყრათ თანამედროვე ირანის უდიდესი ნაწილი. ეს ტომები უდიდეს როლს თამაშობდნენ აქემენიდების ხანაშიც, მაგრამ ინდოევროპელმა ირანულმა ტომებმა მათ თვითმყოფადი ენა თანდათან დააკარგვინეს...