თბილისი, 28 ივლისი — Sputnik. ვინც სამსახურში ფეხით დადის, ნაადრევი სიკვდილის უფრო დაბალი რისკი აქვს, ასეთი ადამიანები უფრო ამტანები არიან, ირწმუნებიან მეცნიერები. მათი თქმით, ფეხით სიარულის მოყვარულებს ნაკლებად ემართებათ გულის შეტევა და ინსულტი, ცოცხლობენ იმაზე მეტს, ვიდრე ტრანსპორტის მოყვარული მათი თანატოლები. თუმცა, სწავლულები ამბობენ, რომ ყველაფერი მაინც იმაზეა დამოკიდებული, თუ რამდენ ნაბიჯს დგამს ადამიანი დღეში ან რა სისწრაფით მოძრაობს.
ავსტრალიელი, ბრიტანელი და ირლანდიელი მეცნიერების აზრით, რეგულარული სიარული იმდენად მნიშვნელოვანი არ არის, რამდენადაც სისწრაფე. სწრაფი სიარულის მოყვარულებში სიკვდილიანობის რისკი, მათ შორის, გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებებისა, საშუალოდ 20%-ით დაბალია. და ასაკთან ერთად დადებითი ეფექტი იზრდება.
მკვლევარებმა ოცდაათ წელზე მეტი ასაკის 50 ათას ჯანმრთელ ბრიტანელს სთხოვეს, მოეთხროთ თავიანთი ჩვევებისა და ცხოვრების წესის შესახებ, მათ შორის იმაზე, თუ რამდენად ხშირად და რამდენად სწრაფად დადიოდნენ.
ორი წლის შემდეგ სწავლულებმა ეს მონაცემები გარდაცვლილთა შესახებ ინფორმაციას შეადარეს და აღმოაჩინეს, რომ საშუალო სიჩქარით მოძრავი ადამიანები, ნელა მოსიარულეებთან შედარებით, 20%-ით იშვიათად იღუპებოდნენ, ხოლო სწრაფად მოძრავები — 24%-ით იშვიათად.
ეფექტი კიდევ უფრო შესამჩნევი გამოდგა 60 წელზე მეტი ასაკის მოხალისეებში. ამ ჯგუფში საშუალო სიჩქარე 46%-ით ამცირებდა გულ-სისხლძარღვთა დაავადებებისგან გარდაცვალების რისკს, ხოლო სწრაფი სიარულის დროს კი — 53%-ით.
და მაინც, რამდენი ნაბიჯი?
ჰარვარდის სამედიცინო სკოლის (აშშ) მეცნიერებმა 70 წელს გადაცილებულ 16 ათას ქალს სთხოვეს, რომ ერთი კვირის განმავლობაში სპეციალური მოწყობილობით ევლოთ, რომელიც დღის განმავლობაში გადადგმული ნაბიჯების რაოდენობას აფიქსირებდა.
მკვლევარებმა დაადგინეს, რომ ნაბიჯების რაოდენობის მცირედ გაზრდაც კი მნიშვნელოვანია სიცოცხლის ხანგრძლივობისთვის. ისინი, ვინც 4 ათასზე მეტ ნაბიჯს დგამდა დღეში, უფრო იშვიათად იღუპებოდნენ, ვიდრე ისინი, ვინც მხოლოდ 2700 ნაბიჯით შემოიფარგლებოდა.
თუ დიდხანს გიწევთ ერთ ადგილზე ჯდომა, იცოდეთ, რომ...>>
მაგრამ ეს კანონზომიერება მხოლოდ 7,5 ათას ნაბიჯამდე შეინიშნებოდა — 10 და 15 ათასი ნაბიჯი უკვე აღარ იძლეოდა შესამჩნევ ეფექტს, რაც, სწავლულების ვარაუდით, საცდელი პირების ასაკით აიხსნებოდა. კვლევის ავტორები არ გამორიცხავენ, რომ ახალგაზრდებში ყველაფერი სხვაგვარად იყოს — ანუ რაც მეტი იქნება ნაბიჯების რაოდენობა, მით უფრო დაცულები იქნებიან ისინი ნაადრევი სიკვდილისგან.
ეს მოსაზრება კიბოს ეროვნული ინსტიტუტისა და ტენესის უნივერსიტეტის მეცნიერების კვლევამ დაადასტურა, რომლებიც 12 წლის განმავლობაში აკვირდებოდნენ 40 წელს გადაცილებულ 4840 ამერიკელის ფიზიკურ აქტივობასა და ჯანმრთელობას.
ნაადრევი სიკვდილის საფრთხე: დასახელდა რისკის შემცირების უებარი წამალი>>
თითოეული მათგანი ერთი კვირის განმავლობაში ატარებდა აქსელერატორიან ფიტნეს-სამაჯურს. ისინი აფიქსირებდნენ არა მხოლოდ ნაბიჯების რაოდენობას დღე-ღამეში, არამედ პიკური სიჩქარით სიარულის ინტენსივობასაც ერთ წუთში — დღე-ღამეში ნახევარი საათით. ამის შემდეგ სწავლულებმა მიღებული შედეგები 12 წლის განმავლობაში გარდაცვლილთა შესახებ მონაცემებს შეადარეს. ანალიზმა აჩვენა, რომ ისინი, ვინც დღეში რვა ათას ნაბიჯს დგამდა, 51%-ით იშვიათად იღუპებოდა, ხოლო ვინც 12 ათას ნაბიჯს ან მეტს გადიოდა — 65%-ით ნაკლებად.
ამასთან, მკვლევარებმა დაადგინეს, რომ სიარულის ინტენსივობას არანაირი გავლენა არ მოუხდენია ჯანმრთელობის მდგომარეობასა და სიცოცხლის ხანგრძლივობაზე.