თბილისი, 28 ივლისი – Sputnik. სატელეფონო საუბარი საქართველოს პრემიერ–მინისტრ გიორგი გახარიასა და აშშ–ის სახელმწიფო მდივან მაიკ პომპეოს შორის საქართველოს ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენელთა განხილვის მთავარი საგანი გახდა. ორივე მხარემ გზავნილები ამერიკიდან თავისებურად განმარტა.
გახარიასა და პომპეოს საუბრის დეტალები ორი წყაროდანაა ცნობილი – საქართველოს მთავრობის იდმინისტრაციიდან და აშშ–ის სახელმწიფო მდივნის პრეს–სამსახურიდან. და თუ ქართულ ტექსტში ლომის წილი სტრატეგიულ პარტნიორობას ეძღვნება, ამერიკულ ვერსიაში ძირითადი აქცენტი საქართველოში მომავალ საპარლამენტო არჩევნებზე კეთდება, ასევე მისი თავისუფალ და დემოკრატიულ გარემოში ჩატარტების აუცილებლობას.
აშშ დაინტერესებულია საქართველოში დემოკრატიული არჩევნებით და პომპეოს გზავნილებში არაფერია განსაკუთრებული, მიიჩნევენ ექსპერტები.
„მიმაჩნია, რომ ეს, საპარლამენტო არჩევნების წინ, ნორმალური გზავნილია და ნორმალური საუბარია პომპეოსა და საქართველოს პრემიერს შორის. და ამერიკული უწყების ხელმძღვანელმა დააფიქსირა, რომ საქართველოში უნდა ჩატარდეს დემოკრატიული არჩევნები და ქვეყანამ უნდა გააუმჯობესოს სასამართლო სისტემა. ეს სრულიად ნორმალური სურვილია და საქართველოს ხელმძღვანელობას ამის საწინააღმდეგო არაფერი აქვს“, – განაცხადა ექსპერტმა ვასილ კაპანაძემ Sputnik–საქართველოსთან საუბრისას.
თუმცა, მიუხედავად ექსპერტის მოსაზრებისა, პარტიებმა გახარიასა და სახელმწიფო მდივნის საუბარი დავის საგნად აქციეს.
უთანხმოებები და პრეტენზიები
მმართველ პარტიაში „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ განაცხადეს, რომ ქვეყანაში ნებისმიერ შემთხვევაში დემოკრატიული არჩევნები ჩატარდება.
„ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნის პირობებში ყველა მომდევნო არჩევნები იმართებოდა წინა არჩევნებთან შედარებით უფრო მაღალი დემოკრატიული სტანდარტით. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების ჩატარება არის ჩვენთვის უმთავრესი პრიორიტეტი“, – განაცხადა პარტიის ერთ–ერთმა ლიდერმა ირაკლი ბერაიამ.
მმართველი პარტიის სხვა ლიდერი თეა წულუკიანი თავის მოსაზრებაში კიდევ უფრო კატეგორიული იყო.
„არსებობს აბსოლუტური დამთხვევა თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებაზე. ეს ის რეალიზებული აუცილებლობაა, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ მოიტანა ამ ქვეყანაში... საქართველო განუხრელად მიჰყვება თავისუფალი და გამჭვირვალე, სამართლიანი არჩევნების გზას“, – განაცხადა წულუკიანმა.
ოპოზიციაში კი პომპეოს გზავნილებში სხვა აზრი დაინახეს.
„სახელმწიფო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ფაქტობრივად გამაფრთხილებელი საუბარი ჩაატარა ქვეყნის პრემიერ-მინისტრთან, რაც შეეხება ქვეყანაში დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებს და მართლმსაჯულების სისტემის პოლიტიკური მიზნებით გამოყენებას“, – განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა სალომე სამადაშვილმა.
ამავე აზრს იზიარებს პარტიის „ლელო საქართველოსთვის“ ერთ–ერთი ლიდერი დავით უსუფაშვილი.
„ქართულმა ოცნებამ“ ქართულ სახელმწიფოს მორიგ ჯერზე მოჭრა თავი და საჭირო გახდა ოკეანის გაღმიდან იმაზე მითითება, რომ არჩევნები უნდა იყოს სამართლიანი, სასამართლო უნდა იყოს დამოუკიდებელი, პოლიტიკურმა პარტიამ არ უნდა მიიტაცოს ძალაუფლება, იგი უნდა დაუტოვოს ხალხს“, – განაცხადა უსუფაშვილმა.
ივანიშვილის ყოფილმა თანაგუნდელებმა არჩევნებისთვის მზადება დაიწყეს>>
საპარლამენტო არჩევნები საქართველოში
საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს ჩატარდება. ქვეყნის მოსახლეობა 150 დეპუტატს აირჩევს – 120–ს პარტიული სიებით და 30–ს – კენჭისყრით მაჟორიტარულ ოლქებში.
პარტიებისთვის გამსვლელი ბარიერია 1%, ხოლო ბლოკებისთვის – რამდენი პარტია, პოლიტიკური სუბიექტიც შედის ამ ბლოკში. ხმის მიცემის უფლება აქვს საქართველოს 3 550 054 მოქალაქეს – როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის საზღვრებს გარეთ.
ცესკო განაგრძობს პარტიების რეგისტრაციას არჩევნებში მონაწილეობისთვის. ჯერჯერობით საარჩევნო კომისია არასაპარლამენტო პარტიების განაცხადებს განიხილავს.
შაბათის მდგომარეობით, რეგისტრაცია გაიარა 26–მა პარტიამ, 11–ს უარი ეთქვა.