იტალიის ელჩი: საქართველოში უსაფრთხოდ ვგრძნობ თავს

იტალია იმ 13 ქვეყნის სიაში მოხვდა,  რომელთა მოქალაქეებისა და რეზიდენტებისთვის ქვეყანაში შემოსვლა ნებადართულია, თუმცა, მათ ორკვირიანი კარანტინის საკუთარი ხარჯებით გავლა მოუწევთ.
Sputnik

თბილისი, 28 ივლისი  — Sputnik.  საქართველოში იტალიის ელჩი ენრიკო ვალვო პოზიტიურად აფასებს საქართველოში კორონავირუსთან დაკავშირებულ სიტუაციას და აღნიშნავს, რომ საქართველოს მთავრობამ კარგად იმუშავა. 

საფრანგეთის ელჩი: მთავრობა არის კომპეტენტური, ხოლო პოლიტიკა გამჭვირვალე

 „პირადად მე საქართველოში უსაფრთხოდ ვგრძნობ თავს... იტალიამ საქართველოს საზღვრები გაუხსნა. თქვენი ქვეყნის მოქალაქეებს, რომლებიც იტალიაში ჩამოვლენ, 14–დღიანი კარანტინის გავლა მოუწევთ. იგივე მოხდება იმ შემთხვევაში, როდესაც იტალიის მოქალაქეები საქართველოში ჩამოვლენ. ვფიქრობ, რომ ყველაფერი ჯერ კიდევ შესანიშნავად არ არის, თუმცა, ჩვენ ნორმალიზაციის გზაზე ვდგავართ“, – განაცხადა  ელჩმა ტელეკომპანია Imedi–ის ეთერში.

ბოლო ცნობით, იტალიაში კორონავირუსის 246 286 შემთხვევაა დაფიქსირებული, გარდაცვლილია 35, 112 ადამიანი.

ოთხთვიანი წყვეტის შემდეგ საქართველომ 18 ქვეყნის მოქალაქეებისთვის საზღვარი გახსნა, თუმცა, თითოეული  მათგანისთვის გარკვეული შეზღუდვები და რეკომენდაციები დაწესდა.

იტალია იმ 13 ქვეყნის სიაში მოხვდა,  რომელთა მოქალაქეებისა და რეზიდენტებისთვის ქვეყანაში შემოსვლა ნებადართულია, თუმცა, მათ ორკვირიანი კარანტინის საკუთარი ხარჯებით გავლა მოუწევთ. ამ სიაში შესულია ასევე ესპანეთი, ლუქსემბურგი, ნიდერლანდები, პოლონეთი, პორტუგალია, რუმინეთი, საბერძნეთი, შვედეთი, ხორვატია, იტალია, სლოვაკეთი, ისლანდია და კვიპროსი.

საქართველომ თავისი საჰაერო საზღვრები გახსნა ხუთი ქვეყნისთვის – გერმანია, ლატვია, საფრანგეთი, ლიეტუვა და ესტონეთი. მათ მოქალაქეებს საქართველოში შემოსვლა უპირობოდ შეუძლიათ. საზღვარზე მათ უნდა შეავსონ სპეციალური ფორმა, რომელშიც უნდა მიუთითონ ბოლო 14 დღის მანძილზე მოგზაურობის ისტორია, საქართველოში ჩამოსვლის ადგილი და საკონტაქტო მონაცემები.

ქვეყნების ჩამონათვალი, რომელთათვისაც საქართველო საზღვრებს ხსნის, ორ კვირაში ერთხელ გადაიხედება და განახლდება.

საქართველოში საერთაშორისო რეგულარული საჰაერო მიმოსვლა 1 სექტემბრამდე არ აღდგება. შესაბამისი უწყება (NOTAM) თავის ვებ-გვერდზე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ განათავსა. შეზღუდვები არ ვრცელდება სამ მიმართულებაზე. 

რა ხდება პოსტპანდემიურ იტალიაში: თვითმხილველის ნაამბობი

საერთაშორისო რეგულარული საჰაერო მიმოსვლის განხორციელებაზე დაწესებული შეზღუდვა არ ვრცელდება იმ პირდაპირ საერთაშორისო რეისებზე, რომლებიც სრულდება თბილისის საერთაშორისო აეროპორტსა და შემდეგ აეროპორტებს შორის: მიუნხენი, პარიზი, რიგა, ნათქვამია სააგენტოს განცხადებაში.
გერმანული ავიაკომპანია Lufthansa პირველია, რომელიც 2 აგვისტოდან განაახლებს რეგულარულ ფრენებს საქართველოში. 8 აგვისტოდან აღდგება აგრეთვე რეგულარული ავიამიმოსვლა თბილისსა და პარიზს შორის, რომელსაც Air France შეასრულებს. საქართველოს ეკონომიკის სამინისტრო ასევე აწარმოებს მოლაპარაკებებს ავიაკომპანია AirBaltic-თან.

განსაკუთრებული შემთხვევების გარდა, სახმელეთო საზღვრები დღემდე დაკეტილია.

პანდემიის პერიოდში სრულდება მხოლოდ ჩარტერული რეისები, რომლითაც საქართველოს მოქალაქეები სამშობლოში ეტაპობრივად ჩამოჰყავთ. ამჟამად საქართველოს ყველა მოაქალაქე, რომელიც უცხოეთიდან  სამშობლოში ბრუნდება, 14-დღიან სავალდებულო კარანტინს გადის, ხოლო ოფიციალური მივლინებებიდან დაბრუნებული პირები 14 დღის განმავლობაში, ყოველ 72 საათში ერთხელ PCR–ტესტს გადიან.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 1145–ს მიაღწია, გამოჯანმრთელდა 927, გარდაიცვალა 16.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.