გოგონას საიდუმლოებით მოცული გარდაცვალება: ოჯახი საქმის სამინისტროსთვის გადაცემას მოითხოვს

გამოძიება აქტიურად ახორციელებს მოწმეების, მათ შორის იმ კომპანიის თანამშრომლების დაკითხვას, სადაც თამარ ბაჩალიაშვილი მუშაობდა.
Sputnik

თბილისი, 28 ივლისი — Sputnik. 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის მამა ჯუმბერ ბაჩალიაშვილი ქვემო ქართლის რეგიონულ პოლიციას, რომელიც გამოძიებას აწარმოებს, უნდობლობას უცხადებს და მოითხოვს, რომ საქმის გამოძიება უშუალოდ შინაგან საქმეთა სამინისტრომ გააგრძელოს. 

ბაჩალიაშვილის საქმე: რა წერია დამოუკიდებელი ექსპერტების წინასწარ დასკვნაში

ბაჩალიაშვილის უნდობლობა გამოიწვია იმ ფაქტმა, რომ აღნიშნულ პოლიციაში მუშაობს ადამიანი, რომელმაც მას ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც გოგონას ძებნის ღონისძიებები მიმდინარეობდა, უთხრა, თითქოს გოგონას ლეპტოპში არსებული ინფორმაციიდან გამომდინარე, თამარს დიდი პრობლემები ჰქონდა. ამასთან, როგორც აღმოჩნდა, თამარ ბაჩალიაშვილის კუთვნილი ლეპტოპის გახსნა ამ დრომდე ვერ მოხერხდა.

„იქ (შსს-ში) ძალზე დაფიქრებული ხალხი ზის. საქმეში ჩახედული არიან და ვფიქრობ, რომ ამ საქმეს სინდისით მიუდგებიან... იმედი მაქვს, ყველაფერი 100%-ით გაირკვევა და ამას უსინათლოც დაინახავს, ყველა მიხვდება, რაც ხდება“, – აღნიშნა ჯუმბერ ბაჩალიაშვილმა ჟურნალისტებთან.

თავის მხრივ, ქვემო ქართლის პოლიციის უფროსის მოადგილემ ლადო ბაჭულაშვილმა, რომელიც ბაჩალიაშვილის მამამ ახსენა, აცხადებს, რომ გოგონას პრობლემებისა და ლეპტოპთან დაკავშირებით არავისთან უსაუბრია.

„ოჯახის მიერ გაკეთებული განცხადების გამო, თითქოს მე რაღაც ვთქვი, შსს-ს გენინსპექციაში დამიბარეს. მსგავსი რამ საერთოდ არ მითქვამს და კომპიუტერთან არანაირი შეხება არ მქონია, რადგანაც კომპიუტერი გამომძიებელმა ამოიღო და ექსპერტიზაზე წაიღო“, – განაცხადა ბაჭულაშვილმა ჟურნალისტებთან.

ლეპტოპი გოგონას გარდაცვალების საქმეში შეიძლება საკვანძო გახდეს

გოგონას პირადი ნოუთბუქის, სამუშაო კომპიუტერისა და მობილური ტელეფონის გახსნას მოითხოვს IT–კომპანია ZAG-ის ადვოკატი ქეთევან მირიანაშვილიც. მისი თქმით, ეს შესაძლებელს გახდის პასუხი გაეცეს კომპანიასთან დაკავშირებულ ყველა კითხვას. მისი განცხადებით, გაურკვევლობა კომპანიის რეპუტაციას ლახავს. 

კომპანიის ოფისიდან, სადაც თამარ ბაჩალიაშვილი პროგრამისტად მუშაობდა, გასულ კვირაში სამართალდამცველებმა ათობით კომპიუტერი ამოიღეს. ცნობილია, რომ გაუჩინარებამდე რამდენიმე დღით ადრე თამარმა სამსახური დატოვა.

ადვოკატის განმარტებით, გამომძიებლები რამდენიმე საათის განმავლობაში აწარმოებდნენ კომპანიის

თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმე: IT-კომპანიიდან კომპიუტერები ამოიღეს
გენდირექტორის თამარ კობერიძის გამოკითხვას.

მირიანაშვილის თქმით, კომპანია გამოძიებასთან თანამშრომლობს და მზად არის ყველა კითხვას პასუხი გასცეს.

„დირექტორი დაკითხვაზე იმყოფებოდა. ჩვენ გამოძიებას კომპანიის საქმიანობის შესახებ დეტალური ინფორმაცია მივაწოდეთ. ხელჩასაჭიდი არაფერია, რამდენადაც კომპიუტერი ჯერჯერობით არ გაუხსნიათ“, – განაცხადა მირიანაშვილმა ჟურნალისტებთან.

როგორც ადვოკატმა განმარტა, გამომძიებლები ძირითადად პროცედურული საკითხებით დაინტერესდნენ – რამდენი თანამშრომელია კომპანიაში, ვინ რომელ პოზიციაზეა, ვინ არიან ჯგუფის ლიდერები, ვინ რას საქმიანობს. ასევე გამოძიება დაინტერესდა, თუ რა პროგრამაზე მუშაობდა თამარ ბაჩალიაშვილი.

ადვოკატმა განაცხადა, რომ კომპანია მარტიდან ონლაინ–რეჟიმში მუშაობდა. მთელი ამ დროის მანძილზე არც თანამშრომლებს, არც ხელმძღვანელობას გოგონა არ უნახავთ, ამიტომაც გამორიცხულია ის ფაქტი, რომ სამსახურში ვინმეს შეეძლო გოგონასთვის რაიმე შეემჩნია.

საიდუმლოებით მოცული სიკვდილი

23 წლის თბილისელი თამარ ბაჩალიაშვილის ცხედარი ხუთი დღის ძებნის შემდეგ თეთრიწყაროს რაიონის სოფელ მაწევანის მიმდებარე ტერიტორიაზე, დაუსახლებელ ადგილზე საკუთარ მანქანაში აღმოაჩინეს. ცხედარი მწყემსმა იპოვა. 

მედია: რამხელა თანხა აღმოჩნდა თამარ ბაჩალიაშვილის ანაბარზე

თავდაპირველად გოგონას გაუჩინარებაზე საქმე აღძრული იყო თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით, თუმცა ახლა კიდევ ერთი მუხლი – თვითმკვლელობამდე მიყვანა დაემატა.

შესაძლო თვითმკვლელობაზე ვერსია იმიტომ გაჩნდა, რომ სხეულის წინასწარმა დათვალიერებამ ტრავმები და ჭრილობები არ გამოავლინა. ასევე ეჭვს იწვევს ის, რომ ავტომობილში ცხედრის ნივთებში ნაპოვნ წამლებს 20 აბი აკლია.

თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების მიზეზთან დაკავშირებით ექსპერტიზის ოფიციალური დასკვნა ჯერ არ არის დასრულებული.