Bassiani და სხვები: ღამის კლუბებისა და ბარების სამართლიანი მოთხოვნა

სფეროს წარმომადგენლები აღნიშნავენ, რომ სხვებისგან განსხვავებით,  პანდემიის პერიოდში მათ სახელმწიფოსგან  არ მიუღიათ ფინანსური დახმარება და შეზღუდვები თუ შენარჩუნდება, რიგი დაწესებულებები არსებობას შეწყვეტენ.
Sputnik

 

თბილისი, 28 ივლისი — Sputnik.  ყველაზე პოპულარული ღამის კლუბების, ფესტივალებისა და ბარების წარმომადგენლებმა ხელისუფლებას მოთხოვნით მიმართეს საბოლოოდ და მკაფიოდ განისაზღვროს რეგულაციები, რომელიც ქვეყანაში მიმდინარე ყველა ღონისძიებაზე გავრცელდება. 

„მზესუმზირა“ 10 ათასი ლარით დააჯარიმეს – ორგანიზატორები განცხადებას ავრცელებენ

პეტიციის ხელმომწერთა განცხადებით, საქართველოს მთავრობამ ღია სივრცეში ღონისძიების ჩატარების ნებართვა გასცა, თუმცა, შრომის ინსპექციამ  ელექტრონული მუსიკის საღამოები არა კულტურულ, არამედ „გასართობ ღონისძიებად“ ჩათვალა, რის გამოც ელექტრონული მუსიკის ორგანიზატორები „მზესუმზირა“ 17 და 18 ივნისს 10 ათასი ლარით დააჯარიმა.

 „ჩვენ მოვითხოვთ უფლებამოსილ უწყებებთან შეხვედრას, რათა ჩვენთან ერთად საბოლოოდ და მკაფიოდ განისაზღვროს ის რეგულაციები, რომელიც ქალაქში მიმდინარე ყველა ღონისძიებაზე იმუშავებს და რომლის მიხედვითაც საქმიანობის განახლებას შევძლებთ  არაუგვიანეს მომდევნო პარასკევისა“, – ნათქვამია პეტიციაში.

ამასთან, სფეროს წარმომადგენლები აღნიშნავენ, რომ სხვებისგან განსხვავებით,  პანდემიის პერიოდში მათ სახელმწიფოსგან  არ მიუღიათ ფინანსური დახმარება და შეზღუდვები თუ შენარჩუნდება, რიგი დაწესებულებები არსებობას შეწყვეტენ.

 „ათასობით ადამიანი სამუშაოს დაკარგავს, რაც კიდევ უფრო გააუარესებს სოციალურ ფონს“, – ნათქვამია განცხადებაში.

აღნიშნულ პეტიციას 21 დაწესებულება აწერს ხელს, მათ შორის, Bassiani, Mtkvarze, Khidi, Drama Bar და სხვები.