რეისი ათენი–ქუთაისი–ათენი 28 ივლისს შესრულდება

საქართველოს მოქალაქეების მორიგი ჯგუფი სამშობლოში საბერძნეთიდან დაბრუნდება – რეისს უნგრული ლოუკოსტერი Wizz Air შეასრულებს.
Sputnik

თბილისი, 27 ივლისი — Sputnik. მორიგი სპეცრეისი, რომლითაც საქართველოს მოქალაქეები სამშობლოში ათენიდან დაბრუნდებიან, 28 ივლისს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან განხორციელდება, იუწყება საქართველოს აეროპორტების გაერთიანების პრეს-სამსახური.

ჩამოფრენა დაგეგმილია 15:10 საათზე, ხოლო გაფრენა – 15:40 საათზე (თბილისის დროით).

სპეცრეისს უნგრული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Wizz Air შეასრულებს. ყველა ბილეთი ორივე მიმართულებით გაყიდულია. ქუთაისის აეროპორტში ჩამოფრენის შემდეგ ყველა მგზავრს შეამოწმებენ, ხოლო მერე სპეციალური ავტობუსებით საკარანტინო სივრცეში გადაიყვანენ.

საქართველოს მოქალაქეები თურქეთში სამუშაოდ წასვლას შეძლებენ

ქუთაისიდან ათენში მიმავალმა მგზავრებმა უნდა გაითვალისწინონ საბერძნეთის მთავრობის მიერ დადგენილი მოთხოვნები. კერძოდ, ათენში გამგზავრებამდე უნდა შეავსონ სპეციალური ფორმა ვებ-გვერდზე https://travel.gov.gr/.

PLF–ფორმის შევსების შემდეგ ის ავტომატურად გაიგზავნება მგზავრის ელექტრონულ ფოსტაზე და წარდგენილი იქნება საბაჟოზე გაფრენის წინ.

საბერძნეთში კორონავირუსის 4 193 შემთხვევაა გამოვლენილი, გარდაიცვალა 202 ადამიანი.

საქართველოში დღეისთვის დაფიქსირებულია ინფექციის 1 137 შემთხვევა. გარდაიცვალა 16 ადამიანი.

საქართველომ კორონავირუსის პანდემიის გამო უცხოელებისთვის თავისი საზღვრები დაკეტა, შეწყვიტა ავიამიმოსვლა ყველა მიმართულებით. გამონაკლისია განსაკუთრებული შემთხვევები. ხელისუფლებას საზღვარგარეთიდან სამშობლოში სპეცრეისებით ჩამოჰყავს საქართველოს მოქალაქეები. ჩარტერულ რეისებს ახორციელებდა ავიაგადამზიდავი Georgian Airways.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, პანდემიის პერიოდში სამშობლოში დაბრუნდა 22 860 ადამიანი, ადგილზე დახმარება გაეწია 22 600-ზე მეტ თანამოქალაქეს.