ავტოავარიას მოზარდი ემსხვერპლა – დაკავებულია პოლიციელი

ტრაგიკულ ავტოავარიაში დამნაშავე პოლიციელი აღმოჩნდა, რომელიც ავტომობილს ნასვამი მართავდა. მას 10 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
Sputnik

თბილისი, 27 ივლისი — Sputnik. დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ არაგვისპირთან ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მოზარდი დაიღუპა. საქმეზე პოლიციელია დაკავებული, ნათქვამია საქართველოს პროკურატურის განცხადებაში.

ფარავნის ტბასთან ავარიაში ერთი ადამიანი დაიღუპა

ავარია გვიან საღამოს მოხდა. მსუბუქი ავტომობილი მოზარდს დაეჯახა. ბიჭი საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ 26 ივლისს ქვეითად მოსიარულეს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის დუშეთის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებელი დაეჯახა, რომელიც ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა.

სისხლის სამართლის საქმე აღძრულია ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის უსაფრთხოების წესების დარღვევის მუხლით. დანაშაული ითვალისწინებს 6-დან 10 წლამდე პატიმრობას სამი წლით თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით.