საქართველოს მოქალაქეები თურქეთში სამუშაოდ წასვლას შეძლებენ

თურქეთთან საზღვრის გადაკვეთის უფლება ექნებათ მხოლოდ იმ მოქალაქეებს, რომლებსაც სამთვიანი ოფიციალური მიწვევა ექნებათ თურქი დამსაქმებლისგან.
Sputnik

თბილისი, 27 ივლისი — Sputnik. საქართველოს მოქალაქეები თურქეთში სამუშაოდ წასვლას შეძლებენ, თუ ექნებათ დამსაქმებლის მიერ გაცემული ოფიციალური სამთვიანი მიწვევა, განაცხადა ბრიფინგზე აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ.

გადაწყვეტილება საქართველოს მთავრობასთან შექმნილ უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე მიიღეს.

ბერლინი-თბილისის სპეცრეისით სამშობლოში საქართველოს 137 მოქალაქე დაბრუნდა>>

„მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ საქართველოს მოქალაქეები და უპირველესად, რა თქმა უნდა, აჭარის მცხოვრებლები თურქეთის რესპუბლიკიდან დამსაქმებლისგან გაცემული სამთვიანი ოფიციალური მოწვევის საფუძველზე შეძლებენ თურქეთში სამუშაოდ წავსლას. თუმცა ისინი დაბრუნებისას ვალდებული იქნებიან, გაიარონ საკარანტინო რეჟიმი", – განაცხადა რიჟვაძემ.

გამყრელიძე: სახმელეთო საზღვრების გახსნა ჯერ არ შეიძლება

ამჟამად საქართველოს ყველა მოაქალაქე, რომელიც უცხოეთიდან ბრუნდება სამშობლოში, 14-დღიან სავალდებულო კარანტინს გადის, ხოლო ოფიციალური მივლინებებიდან დაბრუნებული პირები 14 დღის განმავლობაში, ყოველ 72 საათში ერთხელ PCR–ტესტს გადიან.

რიჟვაძის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ კორონავირუსი კონტროლდება, ძალზე მნიშვნელოვანია, რომ ყველა გადაადგილება, მათ შორის საზღვარზე და სამუშაო მიზნებით, დადგენილი ნორმებითა და წესებით განხორციელდეს.

საქართველომ კორონავირუსის პანდემიის გამო საზღვრები, განსაკუთრებული შემთხვევების გარდა, უცხოელებისთვის 21 მარტს დაკეტა და შეწყვიტა ავიამიმოსვლა ყველა მიმართულებით. პანდემიის პერიოდში სრულდება მხოლოდ ჩარტერული რეისები საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში ეტაპობრივად დაბრუნების მიზნით.

ოთხთვიანი წყვეტის შემდეგ საქართველომ თავისი საჰაერო საზღვრები გახსნა ხუთი ქვეყნისთვის – გერმანია, ლატვია, საფრანგეთი, ლიეტუვა და ესტონეთი. მათ მოქალაქეებს საქართველოში შემოსვლა უპირობოდ შეუძლიათ. სახმელეთო საზღვრები, განსაკუთრებული შემთხვევების გარდა, დღემდე დაკეტილია.